ნადირობა
უქმად გატარებული დღე
არიელ: ჩუ, ისინი ღმუიან.
პროსპერო: მაშ, დაე ნადირობა იყოს ნამდვილი.
(შექსპირი "მეთორმეტე ღამე")
ვაჟა ჯანდიერი გრძელი, იტალიურ კინოებში ნახული ნაბიჯებით ჩაუყვა თავის დაღმართს. თხელი თოვლი ფეხქვეშ უდნებოდა. გადნობილზე ახალი ფიფქები თავს ვეღარ იკავებდნენ. უცებ ქრებოდ¬ნენ ისინი.
თოვდა.
მერე ის სწორ გზაზე გავიდა: აქ თოვლი სულ ტალახად იყო ქცეული: ქუჩის თავში აფთიაქი იყო, მერე ინსტიტუტი, მერე რესტორანი, მერე საშაქარლამო, მერე ისევ რესტორანი, მერე რუსთაველის გამზირი: ფოთლებგაცვენილი ხეივანი. მარადმწვანე გრძელი ბაღჩები წარწერებით: გაზონებზე არ იაროთ. გამზირის შუაში ლაღიძის წყლების წარწერა ეკიდა; ვაჟა ქვედა სართულში ჩავიდა. კედლის საათი უკვე თორმეტს უჩვენებდა.
_ ბოდიში, _ თქვა მან. _ რომელი საათია?
გრძელწამწამებიანმა და მოხატულწარბებიანმა მომტანმა ქალმა თეთრი ქუდი შეისწორა, მერე კბილები გამოაჩინა.
_ აგერ საათი, _ ხელი გაიშვირა კედლისკენ.
ჯანდიერს ჩაეღიმა.
_ ერთი ````თბილისი``, ერთი ხაჭაპური.
_ როგორი, ``სლაიონი`` თუ ``აჭარსკი``.
_ ``სლა-ი-ო-ნი``.
ორგრადუსიანმა წყალმა მადა გაუღვიძა. კიდევ მოითხოვა ერთი.
_ ჩემზე რამდენია, _ თქვა მან.
_ ათი და რაღაც კაპიკები.
ვაჟამ თხუთმეტი მანეთი დადო.
_ ბოდიში, რომელზე ხურავთ? _ ისევ თქვა მან.
_ თორმეტზე, _ მომტანმა ისევ შეისწორა ქუდი.
_ თქვენი სახელი? _ უცებ მოჭრა ვაჟამ.
_ რაში გჭირდებათ? _ კიდევ გამოაჩინა კბილები მომტანმა.
_ როგორ? _ ვაჟამაც გამოაჩინა კბილები.
ვიღაცა გვერდით მაგიდიდან აწკარუნებდა ჭიქაზე: მომტანი თეძოების რხევით წავიდა შეკვეთის მისაღებად.
ვაჟა კიდევ იჯდა.
მომტანმა ყველაფერი მიიტანა, მერე ჩასუქებული, ლოყებღაჟ¬ღა¬ჟა კაცის თხოვნით მიტანილი შამპანურიდან ერთი ჭიქა შესვა. კაცმა ახლა კიდევ რაღაცა სთხოვა.
ვაჟა იჯდა.
მომტანმა ორი შოკოლადი მიუტანა იმას: მან ერთი თვითონ აიღო, მეორე ქალს მისცა. ფეხზე მდგარი მომტანი დიდხანს ელაპარაკებოდა ლოყებღაჟღაჟას.
ვაჟა წამოდგა.
მიიხედა.
ისინი ისევ საუბრობდნენ.
გრძელი ნაბიჯებით მივიდა კიბემდე.
მიიხედა და თითო საფეხურის გამოტოვებით აუყვა: გარეთ ისევ თოვდა. ქვაფენილის ნაპირებში თეთრად ჩაწყობილიყო ფიფქი. ქუჩა ტალახიანი იყო: მოწყენილი ტროლეიბუსები წითლად ანთებულ შუქნიშანთან იდგნენ: ვაჟამ მძღოლს გაუღიმა: წინა კარი გაიღო: ის სწრაფად ახტა შიგ. ისევ დაიხურა. ტროლეიბუსთან ვიღაც ხანშიშესული კაცი მოვარდა კოჭლობით: მძღოლმა კარი არ გაუღო.
ახლა ტროლეიბუსი რუსთაველის ძეგლთან გავიდა. მსუბუქი მანქანები ქვევით უხვევდნენ. ტროლეიბუსმა კი რაიკომს ჩაუარა, მერე ბაზარს, მერე კიროვის ბაღს, მერე აბრეშუმსაქსოვ ქარხა¬ნას, რომლის კარზე მემორიალური დაფა იყო გაკრული; ``სტალინუ¬რი მარშრუტი`` მოაგონდა ვაჟას და გაეღიმა: რატომღაც სკოლა და ბუზღუნა ავტობუსის შოფერი გაახსენდა.
თერთმეტსართულიანთან ისევა თოვდა.
მენავთეთა სახლში ლიფტი თორმეტი საათიდან მუშაობდა. ვაჟამ ვიღაცა გამვლელს საათი ჰკითხა: მესამე დაწყებულიყო.
მელიფტე ქალმა ალმაცერად შეხედა მყუდროების დამრღვევს: საქსოვ ჩხირებზე ნახევრად ამოყვანილი წინდის ყელი მაგიდაზე დადო და კარი მოაჯახუნა.
_ მეხუთე, _ თქვა ვაჟამ.
მელიფტემ ხელი დააჭირა ღილაკს.
_ გმადლობთ, _ თქვა ვაჟამ.
მელიფტემ კარი მიიხურა.
ვაჟამ დარეკა.
კარი ნოდარმა გაუღო.
ჯანდიერმა აიყვანა და აკოცა; მერე ბაბუასთან შევიდა ოთახში: გადაკოცნა: მოხუცს თვალებზე ცრემლი მოადგა: კიდევ გადაკოცნა.
_ როგორ ხარ, ბაბუა? _ დაიწყო ბაბუა სიმონმა.
_ თქვენ როგორ, ბაბუა? _ თქვა ვაჟამ.
_ რას იზამ, ვზივარ.
_ მოკეთებულხართ.
_ კაი ერთი, _ მოხუცს თვალები გაუბრწყინდა.
_ უსინდისო ვიყო, _ თქვა ვაჟამ.
_ კაი, კაი, _ აუჟღერდა ხმა ბაბუას და ულვაშებზე ხელი გადაისვა;
ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა:
კედლის საათი არ ტიკტიკებდა:
_ საათი სად არის, ბაბუ?
_ გაფუჭდა.
ისევ სიჩუმე:
ბაბუამ და შვილიშვილმა პაპიროსი გააბოლეს.
_ საწამლავია.
_ აბა!
_ კიდევ კარგად ვუძლებ, _ თქვა ბაბუამ.
_ მშვენივრადა ხართ, _ თქვა ვაჟამ.
_ რას ვიზამ.
ისევ სიჩუმე.
ბაბუამ ახლა მეორე გააბოლა. ``დღესაც ვერაფერი გავაკეთე``, გაიფიქრა ვაჟამ: უკვე მეათე დღე წაუვიდა უქმად: არც უნდოდა წერა _ დღეს კი რატომღაც მოუნდა, მერე უფრო მოუნდა; მანაც გააბოლა: კიდევ მოუნდა: ``აქ რას დაწერ``, _ გაიფიქრა, ``ან რა მოგივა თავში, ეს დღეც დაკარგულია, ერთი მაგისი``, უფრო მოუნდა წერა. ვაჟა ფიქრებში წავიდა: არც ერთი ძველი ჩანაფიქრი, რომელიც გაცივდა, აღარ მოეწონა. საფეთქლები გაუხურდა. ხელები აექავა.
ბაბუა თვლემდა.
დარეკეს.
ნოდარი ვიღაცას შემოუძღვა.
_ ვინ არის? _ გასძახა სიმონმა.
_ არავინ: მოსამსახურეა, _ თქვა ვაჟამ.
_ ძაან გოგოა, _ თქვა მოხუცმა.
_ ეტყობა.
_ ნამეტანი გვასიამოვნა.
_ ეტყობა, მარჯვეა.
_ რას ვიზამთ, _ თქვა ბაბუამ.
ისევ სიჩუმე: სამზარეულოდან თეფშების ჩხარუნი ისმოდა.
_ ერთ წამს არ გააჩერებს ხელს, _ თქვა ბაბუამ.
_ ეტყობა: ყოჩაღი ჩანს, _ თქვა ვაჟამ.
ისევ სიჩუმე. მოხუცს პაპიროსი ჩაუქრა. ვაჟამ ახალს მოუკიდა.
_ გაწყენს, ბიჭო, _ თქვა სიმონმა.
_ ჰო:, საშინელია, _ თქვა ვაჟამ.
_ გადაეჩვიე.
_ ძნელია.
_ კოტე გადაჩვეულა, _ თქვა სიმონმა.
_ ვიცი.
_ საიდან?
_ მოყვა თვითონ, გუშინ იყო ჩვენსა.
_ აქაც იყო, ნამეტანი მოსუქებულა.
_ ჰო, ძალიან უშველა.
_ მეც უნდა დავანებო, _ თქვა ბაბუამ.
_ კოტეს მოხდომია, _ თქვა ვაჟამ.
სამზარეულოში მოსამსახურე ქვაბსა ხეხავდა. ``რა გახდა კოტე``, გაიფიქრა ვაჟამ, ``ყველას უყვება, რო პაპიროსს თავი დაანება``. მისი ამბავი მთელმა ნათესაობამ იცოდა. ``რა გახდა კოტე``, ისევ გაიფიქრა მან, ``დიდი ამბავი, თუ პაპიროსს თავი გაანება``.
_ ნამეტანი მოსუქებულა, _ თქვა ბაბუამ.
_ კარგი კაცია, _ თქვა ვაჟამ.
ახლა სამზარეულოშიც სიჩუმე იყო.
``კოტე, კოტე, კოტემ პაპიროსს თავი დაანება, ყველას უყვება, დიდი ამბავი, თუ კოტემ თავი დაანება, ან თუ მოსუქდა, როგორ თუ: ``რატო არ უნდა მოუყვეს``, მოუვიდა თავზე ბრაზი, ``მაგისთ¬ვის ყველაფერია, ამბავია, აბა სცადე, დაანებე შენ, მაგისთვის ამბავია. შენთვის, იმან რო დაანება, არაფერი, სხვისთვისაც არაფერი: კოტე, კოტემ რომ პაპიროსს თავი დაანება, ჰო, ჰო, აი, ჰო, იქ, ჰო ... ჰოპ, ჰოპ``_ ვაჟას საფეთქლები ისევ აექავა, მერე უფრო მოექავა, მერე უფრო, ისევ მოუნდა წერა, წერა: იდეა იყო, მშვენიერი იდეა _ კოტემ პაპიროსს თავი დაანება, უხარია: ყველას უყვება: ყველას უხარია, რო კოტე გასუქდა: მაშინვე ივიწყებენ _ ჯამი: დიდი რამე თუ კოტემ პაპიროსს თავი დაანება, დიდი რამე. სიმონს გაუხარდა: მაშინვე დაავიწყდა: თუ ძალიან გაუხარდა, ან არ დაავიწყდა, იმიტომ, რო შეიძლება თვითონაც მოიკეთოს, თუ შეეშვება წევას. ისე მოხუცმა ახლა მოიგონა მხოლოდ; ალბათ, აღარც ახსოვს. ახლა დასაწერმა დიალოგებმა გაურბინეს თავში: ``დავიწყებ ჩვეულებრივ``, ფიქრობდა ვაჟა. ``მერე ამოვალ აქ: აქ ზის კოტე, იქ ვასო, იქ ბაბუა: იგონებენ ბებიაჩემს: ისმება მისი ხსოვნის სადღეგრძელო თუ შესანდობარი.
_ კარგი ქალი იყო ძალოა ჩემი, _ თქვა ვასომ.
_ეჰ, ღმერთმა შეიწყალოს, _ თქვა კოტემ.
_ ცოდვა ვარ, ცოდვა, უმისოდ, _ თქვა ბაბუამ და ცრემლები წამოუვიდა.
თითო ღვინო დალიეს.
_ სიმონ, ნუღა დალევ, გაწყენს, _ თქვა ვასომ.
_ აღარ გინდა, ძია, შარდი, შეგეხუთება, _ მიუბრუნდა კოტე.
_ სწორი ხართ, სწორი. ცხონებული ანეტაც მაგას მეხვეწებოდა, _ ბაბუას თვალებზე ცრემლი მოადგა.
_ ჰოდა, მისი ხათრით, _ დაიწყო კოტემ.
_ აპა, აპა, _ ცრემლი მოიწმინდა ბაბუამ.
_ სიმონ ირაკლიჩ, პაპიროსსაც რო თავი დაანებოთ, ჰა?
_ აჰ, არ შემიძლია.
_ მე ხო დავანებე, _ თქვა კოტემ.
_ დაანებე? _ გაიკვირვა ბაბუამ.
_ აბა, უკვე ორი კვირაა.
_ მიტო მოსუქებულხარ მასე.
_ მისწრებაა, მეც უნდა დავანებო, _ თქვა ვასომ.
_ ნებისყოფა უნდა, _ თქვა კოტემ.
ოთახში რძალი შემოვიდა.
_ პაპიროსს თავი დავანებე, ქეთო.
_ ჰო, თავიდანვე მოკეთებული მეჩვენე.
_ ძაან მომიხდა.
_ ნეტა ჩემი ქმარიც დაანებებდეს.
_ კარგს იზამდა.
_ მამა, შენც რო შეეშვებოდე, არ იქნებოდა ურიგო.
ისევ დაასხეს ღვინო.
_ კარგი ცოლქმრობა გქონდათ, _ უთხრა ვანიამ სიმონს.
_ ნამეტანი, ნამეტანი, ერთმანეთის წყენა არ გვახსოვს.
_ ჰოდა, მისი ხათრით დაანებე პაპიროსს თავი, _ თქვა რძალმა.
_ კაი, აბა ვცდი.
_ ხო ხედავ, მე როგორ ვარ, _ თქვა კოტემ.
_ ნამეტანი მოსუქდი.
_ გაგიმარჯოს, სიმონ ირაკლიჩ, _ დალია ვასომ, დალია კოტემ, მოსვა ბაბუამ.
დარეკეს: ოთახში სიმონის ვაჟი ოთარი შემოვიდა, ხელში ნოდარი ჰყავდა აყვანილი.
_ მამა, მამა, _ იძახდა ნოდარი, _ კოტე ძიამ პაპიროსს თავი დაანება.
_ მართლა, კოტე? _ ჩამოსვა ოთარმა ნოდარი ძირს.
_ აბა, კაცო, ორი კვირაა.
_ მაშ, მაღარიჩი შენზეა, მოსუქებულხარ.
_ ნამეტანი გასუქდა, _ თქვა ბაბუამ.
_ თავს ვიწამლავთ, _ თქვა ვასომ.
რძალმა ცარიელი ჭიქა მოიტანა: ოთარს პალტო გახადა.
_ დალიე დედაშენის შესანდობარი, _ თქვა კოტემ.
ოთარმა მოსვა.
ბაბუას თვალებზე ცრემლი მოადგა.
_ ძალიან კარგად კი ხარ, _ თქვა ოთარმა.
კოტემ ლოყაზე მოიკიდა ხელი.
_ ნამეტანი მოსუქდა, _ თქვა სიმონმა.
ოთახში ნოდარი შემოვარდა, უკან პატარა ძმა მოსდევდა.
ვაჟამ ფიქრი შეწყვიტა.
_ როგორა ხართ, ბაბუ, _ თქვა ვაჟამ.
_ რაფერ ვიქნები, შვილო, _ აუჟღერდა ხმა ბაბუას.
_ რომელი საათია ნეტავი?
მოხუცმა ჯიბიდან ძველებური საათი ამოიღო, თვალებთან მიიტანა.
_ მეექვსე დაიწყო.
ვაჟა წამოდგა.
_ წავალ, ბაბუა.
_ წადი, ბაბუ, წადი.
შვილიშვილმა გადაკოცნა და კიბეზე დაეშვა: გარეთ თოვლი აღარ მოდიოდა. ციოდა. მსუბუქი ნაბიჯებით აუყვა აღმართს.
ეღიმებოდა:
ფიქრობდა კოტეზე, ახალ იდეაზე.
ეღიმებოდა:
უნდოდა წერა, მაგრამ შინ არ წავიდა. ``როცა უფრო მომინდება, მაშინ წავალ, ჯერ ჩაჯდეს თავში კარგად, დიალოგებიც დაიხვეწება``, გაიფიქრა და ამხანაგს შესძახა.
_ ბიჭო, წამო კინოში, _ თქვა ვაჟამ.
_ რა გინდა.
_ ცივა.
_ წავიდეთ.
ბილეთები თავისუფლად იყიდეს: კინოში ცოტა ხალხი იყო:
აქაც ციოდა.
ვაჟამ პალტო გაიხადა, მერე მოისხა, უფრო თბილად გაეხვია შიგ.
_ ცივა, _ თქვა გურამმა.
_ ცივა, ჰო, _ უფრო გაეხვია პალტოში ვაჟა.
გაისმა მუსიკა.
_ ჩინეთია, _ თქვა გურამმა.
ეკრანზე ჩინელებს რკინიგზა გაჰყავდათ. მერე უნგრეთის საზღვარი გამოჩნდა: საკვანძო გზაზე სატვირთო შემადგენლობები იდგა: ფაშისტური ტერორისაგან განადგურებულ უნგრეთს საბჭოთა კავშირი საქონელს აწვდიდა: ``ორმოცდაათი ათასი ტონა შაქარი უფასოდ``, ამბობდა დიქტორი. მატარებელი დაიძრა ბუდაპეშტისკენ. მემანქანემ ვალდებულება აიღო, დროზე ადრე ჩაეტანა ტვირთი დედაქალაქში.
ვაჟა კიდევ უფრო გაეხვია პალტოში.
მერე საფეთქლები აექავა.
ვ ე ნ ა ც ე კ ვ ა ვ ს. _
ეწერა ეკრანზე.
ახლა ამერიკული მარკის ავტომანქანა მიჰქროდა ეკრანზე: ისმოდა ჯაზის ხმები: კიდევ ჯაზი: მერე კიდევ. ქუჩის ბოლოში ვი¬ღაცა ვიოლინოზე უკრავდა, ისმოდა მელოდია შტრაუსის ვალსი¬დან: მელოდიას ჯაზი ახშობდა.
ვიღაცამ მუსიკოსს ფული ჩაუდო, მერე თავის მაღაზიაში შევიდა.
მუსიკის ხმები მიწყდა:
საკომისიოში ამერიკელი ქალი მაგიდის თაობაზე ევაჭრებოდა ახლად შესულ მეპატრონეს. ქალმა პატარა საწერი მაგიდა იყიდა, მაგრამ ფული თან არა ჰქონდა. მეპატრონეს ერთი გაფუჭებული ადგილის შეკეთება სთხოვა და ფულზე წავიდა.
კარი გაიღო.
_ ჯაზი შემოვარდება, _ თქვა გურამმა.
_ ალბათ, _ თქვა ვაჟამ.
გაისმა ჯაზის ხმა.
მერე ვიოლინოს.
ქალი ფულზე წავიდა.
მეპატრონემ კარი მოიხურა.
მუსიკა შეწყდა:
მან იარაღები აიღო და მაგიდის პატარა უჯრა გახსნა, რაღაც რვეული და უზალთუნი აღმოჩნდა:
დაიწყო კითხვა:
დღიური შტრაუსის მამის შეყვარებულისა იყო.
დაიწყო ფურცვლა: წამოვიდნენ მოგონებები:
ახლა ეკრანზე ძველი ვენა გამოჩნდა.
ისევ მოგონებები.
_ დაიწყო ძველი სიმღერა, _ იხუმრა გურამმა.
_ ჰო, _ თქვა ვაჟამ.
_ უკვე ვეღარ ვიტან მოგონებებს.
_ აბა, წავა ახლა ეტლები.
_ და ვიწრო, შავი ქუჩები.
_ ერთი მაგათი.
_ გაუშვი, ერთი.
ეკრანმა რაც შეიძლება მოიწყინა: კარეტაში შტრაუსი მამა თავის შეყვარებულთან ერთად იჯდა.
_ წავიდეთ, _ თქვა ვიღაცამ უკანა რიგიდან.
_ გინდა დავიძინოთ, _ თქვა გურამმა.
_ მეტი რა დაგვრჩენია, _ თქვა ვაჟამ.
``სისულელე ჩემი, რო წამოვედი, წავსულიყავი სახლში, რამეს დავწერდი``, ფიქრობდა ვაჟა. ეკრანზე კადრები ჭიანურდებოდა.
ჯანდიერმა წინა სკამის ზურგზე დადო თავი, ახლა ცალი თვალით უყურებდა სურათს. სულ მოიწყინა. ახლა შტრაუსი თავის ოთახში იჯდა: წერილი დაწერა ცოლთან ოჯახის სამუდამოდ მიტოვების შესახებ: რატომღაც არ მოეწონა: დახია. მერე როიალს მიუჯდა: გაისმა ვალსის ხმები: ახალი მელოდია იბადებო¬და. გარეთ ეტლმა გაიარა. შტრაუსი წამოდგა: ფანჯარა გააღო: ოთახში სიცივე შემოვარდა, თან მუსიკის ხმები შემოიტანა: ხმები ძლიერდებოდნენ: კომპოზიტორმა თვალები დახუჭა და საფეთქლებზე ხელი მოიჭირა:
ახალი მელოდია იბადებოდა.
_ ეგ ძველია, _ თქვა გურამმა: ჩუმად მოუკიდა პაპიროსს.
_ ჰო, ყველგან ერთი და იგივე.
_ გახსოვს ``მუსორგსკი``?
_ რაღა ის, ``ჯუზეპე ვერდი`` აიღე.
_ საერთოდ ყველგან.
გურამმა ბოლი გაუშვა: ვიღაცა წინა სკამზე შეიშმუშნა. ``მართ¬ლაც ყველგან ერთი და იგივეა: როგორ მოსდით აზრები მუსიკოსებს``, ფიქრობდა ვაჟა, მერე მოაგონდა, რომ კლუზომ პიკასოს შემოქმედების პროცესიც გადაიღო; ისევ აექავა საფეთქლები: ``რა შუაშია პიკასო, მითუმეტეს კლუზო, კლუზო რეჟისორია, მაინც რა ხოშიანად გადაიღეს, ვინ იფიქრებდა, ნეტა მაჩვენა ის კინო``, ფიქრობდა ჯანდიერი, მერე კოტე მოაგონდა რატომღაც, დღევანდელი იდეა, რომელიც ბაბუამისთან დაებადა, როგორ დაებადა; ისევ წამოახურა. საფეთქლები ოდნავ აექავა: ძალიან მოუნდა წერა: _ ``ე.ი. კოტე პაპიროსს გადაეჩვია, უხარია, უხარია, ჰო, ა!``
_ ა! _ თქვა ხმამაღლა.
_ რა ა? _ იკითხა გურამმა.
_ არაფერი.
ფიქრები გაიფანტა, ახლა მხოლოდ ბუნდოვნადა გრძნობდა: შეეძლო დაეწერა იდეის მოსვლაზე, მუსიკოსის მუზის მოსვლის მსგავსი ან უფრო კარგი ან უფრო ცუდი; უფრო მოუნდა წერა, მერე უფრო: ერთი დიდი აზრი იყო.
ახლა უყურებდა კინოს და არაფერზე არა ფიქრობდა. კინოში კარეტა მოძრაობდა, მერე ხალხი ცეკვავდა, უკრავდა ვალსი, ბოლოს შტრაუსი მამა მოკვდა: მგონი ცხედართან მისი უფროსი შვილი მივიდა: მიდიოდა კინო, მერე დამთავრდა: ეკრანზე დიდი ასოებით ეწერა:
КОНЕЦ
აინთო სინათლე:
_ აღარ გათავდა დალოცვილი, _ თქვა გურამმა!
_ რა?
_ რა და კინო.
_ ჰო, _ თქვა ვაჟამ.
გარეთ ისევ ციოდა.
ბნელოდა.
სახლის კარები დედამ გაუღო.
ოთახში თბილოდა და შემწვარი ხორცის სუნი იდგა.
_ რა ტყუილა ყიალობ, ბიჭო, მთელი დღე, _ თქვა დედამ.
_ ო, ეგ დატვირთულია, _ ირონიულად გაიღიმა მამამ.
_ რა ვქნა აბა? _ თქვა ვაჟამ.
_ რამე გააკეთე, წელს ამთავრებ, _ თქვა მამამ.
_ არ მინდა ინჟინრობა.
_ როგორ არ გინდა?
_ ისე.
ოთახში თბილოდა.
ვაჟამ რაღაცის კითხვა დაიწყო.
_ მოდი, ვისადილოთ, _ თქვა დედამ.
_ სულ მშიერი დაყიალობ, _ თქვა მამამ.
სუფრას შემოუსხდნენ:
სადილი გემრიელი იყო.