ლეონიძე გიორგი
გაზიარება

მეცამეტე საუკუნე 

მოჰქრის ურა ცხენი
მონგოლური დაღით,
ზედ შავი თარაქამა
ვერ უსწორებს აღვირს
და კალია მჭამელი
უკან სვეტად მისდევს
მუზარადის მტვერით
დაბნელებულ მინდვრებს.

ვერ უძლებენ მთები
მულიდების ყივილს,
საყვიორებით ზურნით
დროშების ტყე წივის,
ბრწყინავს თათრის ხმალი,
ბრწყინავს თათრის ჩალმა,
მოდის ჩინგისხანი,
გზა გაცეცხლა ალმა.

ხვალ ნახავთ კალიებს
მინდვრის დალაქებს,
გაშანთულ მიწის ქერქს
დათხრილ ქალაქებს.

მდინარეს შემწვარს,
მდუღარე გიშერს,
შანშას,შარვაშას,
მხარგადაკრულს,შიშველს.

ხვალ ნახავთ სახლებზე
ღრიანკალს,ბუს,
დამდნარ გალავნებს,
გოგირდის ბურს.

მოედნებზე აზელილ თმას და ტვინს,
აჩეხილ ფალავნებს...
ცხენის ქაჩაჩში ჩარჩენილ თავთავს,
უზანგში-მტევანს,
ვენახში-სამარეს,
ნაფუძნებს თეთრი ძვლით მოთესილს,
მეწყერებს, ტრამალებს, ტრამალებს.

ხვალ ნახავთ სისხლით აივსება
წყაროზე ტაგანი
და ვერცხლის ნაჭედ იატაგანით,
კეთრით,ბუგრით ივლის
მხარგრძელი ანგელოზი,
მონგოლური ანგელოზი
დაადგება თბილისს,
ქალაქის გულს დაბეჭდავს,
გულში სიკვდილს დათესს,
და ქართლი განკვართული
ნაპრალებში,მღვიმეებში
ჩააყენებს ნათელს.

??????