მომღერალი ჩხიკვი
ცხრათვალა მზე ტყის ნაპირას
შემოდგომის მდელოს ხედავს,
ბაჭიები ჩირგვთან წვანან,
ჩიტუნები ხეზე სხედან,
მთის ნიავი ყვითელ ფოთლებს
ათრთოლებს და ათამაშებს,
_ მოდი, ერთად ვიმღეროთო, _
ეუბნება ჩხიკვი შაშვებს.
_ კი ბატონო, _ უთხრა შაშვმა,
შეეცვალა თუმცა ნირი,
სალამური მოიმარჯვა,
მოამზადა გუდა-სტვირი.
ხოლო ჩხიკვმა დასაკრავად
დაიჭირა წვრილი ჩხირი,
სულ ჩხავილით გააყრუა
მოშრიალე ტყის ნაპირი.
_ გაჩუმდიო, _ ჰკადრა შაშვმა,
ოდნავ გაჰკრა მხარზე მხარი, _
ჩხირზე დაკვრა გაგონილა?
კი არ მღერი, მხოლოდ ჩხავი!
ეგრე ჩვენთან ვერ იმღერებ,
სხვა ვინმე გყავს სანახავი,
სად შენა და სად გალობა?
დაგვანებე, ძმაო, თავი...
_ რა ვნახეთო! _ ჩიტუნებმა
ეს ამბავი ყველას ამცნეს,
მომღერალ ჩხიკვს დასცინიან:
_ ნახეთ, ნახეთ, როგორ გვარცხვენს!..
ჩურჩულებენ ხის ფოთლებიც
და სიცილით ძირს ცვიციან,
იცინიან ბაჭიებიც,
მზის სხივებიც იცინიან.