სევდიანი ზღაპარი
დედა კურდღელმა იარა,
ცხრა გორა გადაიარა,
გზებზე ადინა ბუქი.
უცნობს და ნაცნობს ეწვია,
სამოსს ეძებდა პეწიანს,
ტყეში და ღრეში ეძია
შვილებისათვის ქურქი.
მზრუნველმა ამისთანამა
გზა სიმწრის ოფლით დანამა.
გადაიტყავა ზურგი.
იპოვა,ამოარჩია,
შემოსა სამი ბაჭია,
სამი შიშველი ბაჭია
თბილი ღუნღულა ქურქით.
სამივე ყურებცანცარა,
სამივე გულებფანცქალა,
დედის მზე, თვალის შუქი.
შვენოდათ, რარიგ შვენოდათ,
შველოდათ, რარიგ შველოდათ
თეთრი, შავი და ნაცარა
თბილი, ღუნღულა ქურქი.
ფოთოლი მოწყდა გამხმარი,
ბრჭყალს ილესავდა ზამთარი,
ღრუბელი გაწვა მუქი.
ჭირვეული და პრანჭია,
ატირდა შავი ბაჭია,
აყვირდა შავი ბაჭია:
- თეთრი მინდაო ქურქი! -
ყინვები დადგა მაგარი,
ტახტზე დაბრძანდა ზამთარი,
თოვლიც მოვიდა უხვი,
ჭირვეული და პრანჭია
ატირდა თეთრი ბაჭია,
ჩაბჟირდა თეთრი ბაჭია:
- ქურქი მინდაო მუქი!
მერე ატირდა ნაცარა,
არც ჰო გაიგო, არც - არა,
ბინას ახადა ჭერი.
ცრემლების გუდა დაცალა,
დიდხანს ტიროდა ნაცარა,
მწარედ ტიროდა ნაცარა:
- ქურქი მინდაო ჭრელი! -
ტიროდა ყურებცანცარა
თეთრი, შავი და ნაცარა -
დედის მზე, თვალის შუქი.
მინდაო, შავი მინდაო,
მინდაო, ჭრელი მინდაო,
სულ, სულ სხვა ფერის ქურქი.
მთლად მოაბეზრეს თავი და
ადგა კურდრელი, წავიდა,
ბილიკი იყო შორი.
დედა კურდღელი წავიდა,
თურმე სახლიდან წავიდა,
თავის სახლდან წავიდა,
ნუ გეგონებათ ჭორი.
აღარ დაბრუნდა შინ, არა,
რას ფიქრობს სამი მტირალა?
მე ჯერ ეს ვიცი მხოლოდ:
თეთრმა ბაჭიამ ინანა,
შავმა ბაჭიამ ინანა,
მერე ნაცარამ ინანა.
. .
აი, ამ ზღაპრის ბოლო..