კვიტატიანი ქეთი
გაზიარება

აქეთ... და იქით 

 

იყო აქეთ და იყო იქით. აქეთ ერქვა ქალს, იქით ერქვა კაცს. და რადგან იყო კაცი და თან ერქვა იქით, იქით მიუწევდა გული. ქალმა იცოდა, რომ აქეთ იყო ბედნიერი კაცი და მაინც იქით ხიბლავდა რაღაც, ამიტომ აცადა წასვლა, არ დაუძახა. გავიდა იქით ეზოდან, გაცდა იქით გზას, მოეფარა იქით ჰორიზონტს და წავიდა სულმთლად.
აქეთის სახლში მარტოობამ შიში მოიტანა თან, მაშინ იყიდა აქეთმა პატარა ლეკვი, რომელმაც შეჭამა მარტოობა, შიში სახლიდან გააქცია და იქითს დაადევნა... ამიტომ, ქალის წყრომის შიშით შეპყრობილი იქით ვერ დაბრუნდა სახლში და თავისი გზის პოვნას შეუდგა.
აქეთმა გული ამოიღო და მიწაში შეინახა, თვალები გაიფართოვა, რომლებიც სულ იქით იყურებოდა, იქით კი არ იყო არაფერი, ჯერ არ იყო....
ამასობაში იქითმა ცხრა მთა გადაიარა, ცხრათავიანი გველეშაპი დაამარცხა, ცხრაკლიტული დაამსხვრია, რადგან იყო კაცი და თან ერქვა იქით.

 

 

მაგრამ ვერ იპოვნა თავისი გზა იმიტომ, რომ არ უსმენდა გულს და გონება უსწრებდა წინ.
და აი, გამოერია იქითს პირველი ჭაღარა, მაღლა აპრეხილი წარბები თანდათან მოუდუნდა, მკაცრი სახე მოულბა, გონება და გული თნაბრად დაუმძიმდა... სწორედ მაშინ მოესმა: _ აქეთ! აქეთ!.. წამოიმართა ფეხზე და ცას მისწვდა, ისე გაზრდილიყო. ცრემლი მოადგა და გოლიათური ნაბიჯით დაადგა თავის გზას.
ამ დროს აქეთის გული ისევ მიწასაა მიბარებული. აქ აგროვებს ის თავის ნაფიქრალს, ხმას არ იღებს, არც სხვისი ესმის რამე და ცხოვრობს ასე უ-გულის-ყუროდ.
უცებ დაინახა მან იქით, რომელიც ჰორიზონტს იქით იდგა... გამოსცდა გზას, შემოვიდა ეზოში, შეეხო ქალს და თმა გაუსწორა იქით და აქეთ, ხელებზე ეამბორა იქით და აქეთ, თვალები დაუკოცნა იქით და აქეთ, გული ჩაუდგა აქეთ, აქეთ...
როცა ჯვარი დაიწერეს, მათ აღარ ერქვათ იქით და აქეთ, მათ დაერქვათ ერთად, ანუ სამყარო.

2003წ..

 

??????