ლობჟანიძე გიორგი
გაზიარება

ბრბოს კაცი 

სასაცილოა ეს სიყვარული —
სანთლის კიდეზე აკრული ღვენთი...
დღეს მეც მომინდა გულწრფელად გითხრა,
რაც არასოდეს არ მითქვამს შენთვის.
მე ბრბოს კაცი ვარ
და ბრბოს ფუსფუსი
რა ცხადად მოჩანს, ალბათ, მანდედან,
თუმც, კიდევ კარგი, 
რომ წმინდანივით
შუქი არ მადგას შარავანდედად.
და შემიძლია — მიყვარდე ჩუმად,
ჩემო ზღუდევ და ჩემო ჯებირო,
მთელი ცხოვრება ისე გიკითხო,
რომ არასოდეს დაგიზეპირო
და არ მომბეზრდე
ან შენგან წყენა
გულში არ დამრჩეს პატარა ხინჯად...
ასე უბრალოდ და გამეტებით
ყორე თუ უყვარს სუსხიან ჭინჭარს;
მე ჭინჭარი ვარ...
ვაზივით მკერდზე
ვერ დაგესხმები
მაღალ მტევნებად...
ვნების კვირაა
და უფალს, ალბათ, არა სცალია —
ჩვენთვის —

ევნება...
შენ ტირი...
მე კი ვერ ამიჩვილებ
ასე უბრალოდ გულს:
ბრბოს კაცი ვარ...
ისიც არ ვიცი:
ტირი თუ შენი
მწვანე თვალების ფერფლი მაცვივა.

??????