ლორთქიფანიძე ალექსანდრე (ხვიარა)
გაზიარება

არავინ 

მე და შენ. არავინ. არავინ. მე და მე. შენ და შენ. არავინ.
თან როცა გზაცაა, გზაცაა და უფრო წვიმაა მოცისფრო,
მიდიან, მიდიან და ღრუბლებს დროსავით ეტყობათ არევა,
წვეთები არსაით და თითქოს საღამომ, საღამომ მოგვისწრო,
არ იცი როდიდან, ან რატომ, ვეღარ გრძნობ ჰაერში წარწერებს,
აწებებ თითებით ჰორიზონტს მიწასთან, იცი და ეჭვდები,
და არ გავს ეს სივრცე, სულ არ გავს იესოს, ჯვარცმამდე ნაწამებს,
და უფრო ნისლია, და უფრო აშკარად თმებზე გებეჭდება
ჰაერი. ჰაერი. და წვიმა. ბურუსი. ბურუსი. ჰაერი.
და მიჭირს გატარო ასეთი მძიმე და მძიმე და ნამდვილი,
და ხშირად მჭირდება მეტი დრო, მეტი დრო და თითქმის სხვა ერა,
სხვა სუნთქვა და ბევრი, და ყოველდღიურად ფერადი სათვალე.
მე და შენ. არავინ. არავინ. შენ და შენ. მე და მე. არავინ.
გარშემო მინდვრები, მინდვრები გარშემო და წვიმის ფანტომი,
შენ ამბობ: “იქ სადღაც, ზეცაში, ღმერთები თეთრ ღრუბლებს კერავენ”,
მე გულში გიხუტებ და ისევ იღიმი და ისევ მარტო ვარ.

??????