ლორთქიფანიძე ალექსანდრე (ხვიარა)
გაზიარება

დაო 

შეხედე დაო,
ესაა ჩემი როიალი,
პირწამტვრეული კლავიშებით, უპიუპიტროდ.
ეს ჩემი ძაღლია, რომ ყეფს ასე ხმატკბილად.
შეხედე დაო,
ესაა ჩემი მეზობელი,
უძირო ფეხსაცმელებითა და ყურში გოგირდით,
მას ყოველ დილით პური ამოაქვს მაღაზიიდან.
ეს ჩემი ქუჩაა, ტალახიანი,
უემოციო.
შეხედე დაო,
ესაა ჩემი ავტომობილი,
საჭის გარეშე, თითისტოლა მაგნიტოფონით.
ეს ჩემი დარგული ხეა,
წელში მოხრილი, შენობისთვის საყრდენად შეყენებული.
უყურე დაო,
აქაა ჩვენი ძმის საფლავი, შემორაგული,
რატომ არა ჰგავს სურათის გმირი
კუბოში მყოფ უხორცო სხეულს?
აქ ჩემი გზაა, ორმოებით,
მიწაჩაწეულ, ასფალტაცვენილ ადგილებით გამოკვეთილი.
უყურე დაო,
ესაა ერნესტო გევარა,
ფოტოშოპში გადაკეთებული და სამზეჭაბუკე,
არადა მიწით ამოსვრილი და ღიპიანი.
ეს კი ტატოა,
მისი სიკოჭლე არ ეტყობა ნაცრისფერ სურათს.
დაო, ნუ ხუჭავ თვალებს,
უყურე დაისს,
ეს ჩემი ქალაქის მზეა,
ყოველ საღამოს იჩხერს ჰაერის უკმარისობას
და დილაობით თავის ლომკებს გადაგვაყოლა.
ეს კი მტკვარია,
თევზის მაგივრად განავლითაა გავსებული და უხარია.
შეხედე დაო,
ეს არ არის სულ არაფერი,
მხოლოდ ოფლის ორიოდ წვეთი თვალში ჩამდგარი,
ეს კი შენი და ჩემი ქომაგი, პოლიციაა,
ლურჯ პერანგებში, წითელ ტრუსებში გამოწყობილი..
უყურე დაო,
ეს კარლოა კაჭარავა, სახეშეცვლილი,
ანაც უბრალოდ საუკუნოდ დავიწყებული..
ეს კი მეფეა, ჩარკვიანი, გაღმიდან ყვირის,
ისევ ჰგონია, რომ გადმოცურავს მაზუთიან ზღვას..
ნუ უმზერ დაო
საკუთარ ფეხებს თავჩაღუნული,
ეს სულ არაა ჯოჯოხეთი რომ შეგეშინდეს,
უბრალოდ ხალხს აქ თვალები აქვს ჯოჯოხეთური..
შეხედე დაო,
ეს დავითია, აღმაშენებელი,
თავის ცხენზე სამჯერ დიდი, უპროპორციო,
ეს კი დაო,
აი რომ ჩანს და თან ვერ ხედავ,
ეს თვითონ ჩვენი ქალაქია, კასტრირებული,
ის ტრუსჩახდილი დგას მსოფლიოს გზაჯვარედინზე
და ყოველ გამვლელს და გამომვლელს უფასოდ აძლევს..
უყურე დაო,
ნუ გრცხვენია თვალების გახსნის,
ეს ისტორია ჩვენამდე ბევრად ადრე დაიწყო
და არც ჩვენს შემდეგ დააპირებს თავის მოკვლას,
უბრალოდ ყოველ დილა-საღამოს,
“კურიერამდე”, ტელევიზორში, უნდა უყურო
როგორ უყვარს მდიდარს ღარიბი
და როგორ ჯობნის სიყვარული გაბოროტებას,
უნდა უყურო, გულდასმით და თვალდაწვრილებით
და ბოლოს წყნარად შეაფურთხო ნაბიჭვარ ეკრანს,
თორემ იქიდან გამოხტება ფარისევლობა
და გეტყვის:
შეხედე დაო, ესაა ჩემი ურყევი კრედო,
მღვრიე და მრუში,
გახდი სექტანტი ბუნებრიობის რელიგიის
და შენ მიიღებ ორ კილო ფქვილს, შაქარს, პურს
და მოწყენილობას..

??????