ჩხეტიანი ნათია
გაზიარება

ლეტო 

როგორ ხარ, ლეტო?
ნუ მეტყვი, რომ გადაგივიწყე - 
ხომ გახსოვს, თვითონ მასწავლიდი,
სიტყვები ჰგვანანო ქერქგამძვრალ ბანანს,
რომელსაც ჭამენ როცა შიათ ანდა
უბრალო დესერტია ნასადილევს  მორწმუნეთათვის.
ეს რაც იჭმება... და რაც არა?!
მე არ მინდა ფეხი დაგიცდეს.
სამხრეთი შენგან -  ეკვატორი,
ელექტრობოძის მავთული ჩემთვის,
რომელზეც ვჯდები საოცნებოდ ნაცრისფერი თუთიყუშივით
და წარმოვიდგენ, რომ  ვარ ჟაკო - 
რუხი ფრინველი.
წარმოვიდგენ ასაღებად გამზადებულ 
მარცვლგაცლილ სიმინდის ყანებს,
ფერმერთა წყევლას და ჩვენს გუნდებს...
გესმის? დავცინით...
ახლა ბნელდება.
მოადგა ღამე მატარებლით ცარიელ სადგურს
და რიგრიგობით ჩამოცალა თალხი სიზმრები ვაგონებიდან.
ვგრძნობ, როგორ ირევს ამ მეწამულ ილუზიას
ეს ცხელი ღამე, 
სოფელი კი ჰგავს საპატარძლოს თეთრ საღამურში.
ეს პროცესია მეორდება როცა ბნელი,
კატასავით წვება ფეხებთან .
მდინარე კი ისევ იძახის:
”დებო და ძმებო,
დედებო და მამებო, და თქვენ  ცოდვილნო,
ჩამოდით ქვემოთ!
დავდგეთ ლოცვად, რომ გვასწავლოს გულმოწყალე
მაღალმა ღმერთმა 
გზა ხსნისა,
გზა წვიმისაკენ,
გზა არსაითკენ მიმავალი “.
და ჩვენც ვლოცულობთ,
გვწამს მხოლოდ ხსნის,
არც ერთ ჩვენგანს ჯოჯოხეთის
(კაცმა არ ცის სად უფრო ცხელა).
უნებურად მეფიქრება, რატომ სურთ
ჩვენებს გადაინახონ თავიანთი სულები ცაში,
რომელიც არის სამყაროს სხვენი.
ერთი კიდიდან მერეში გადავრდნას ჰგავს.
სარდაფის ვიწრო ჭუჭრუტანა ურო ლურჯად გვაჩვენებს ცას
ვიდრე ის მოჩანს სახურავიდან.
და საერთოდაც,
მისი ფერი არ არის ლურჯი-
ის ცისფერია.
ბოლოს კი, ლეტო,
მამაჩვენების საზიარო წყალსაცავი, ტბა თუ რაც იყო
ამ სეზონზე სრულად ამოშრა და
გვერდიგვერდ უწყლოობით ღაფავენ სულს
თევზები და ჩვენი ბავშვობა.
                                    * * * *

ვარ ჩვეულებრივ -ზღვის დონიდან არც ისე მაღლა,
მოვცილდი ქალაქვს საიდანაც ასე შორია
დაკიდებული ჰორიზონტის უმზეო გასვლა,
მოძველებული აპარატის ფოროკადრიდან.
ვარ ჩვეულებრივ -ზღვის დონეზე ანუ ნაპირი (ჩანხარ),
სადაც არ დაეძებენ რა იყო შარშან.
როგორც ყოველთვის დასავლეთში წვიმას აპირებს,
როგორაც გუშინ გადაგვრეცხა და მერე გაშრა.
ყველა მხარიდან გასასვლელი არ არის სადღაც,
მაგრამ უთუოდ,ყველა კარი ჰკიდია კედელს.
წასვლაც ყოველთვის გამგზავრებას არ ნიშნავს რადგან,
დასაფარ მანძილს ნაბიჯები ვერ ამოკლებენ.
ვცდილობ ჩამოვხსნათ დალუქული სული ანჯამებს,
მერე სხეული იქვე ზღუბლზე გადავაფინოთ-
ფეხი წამოკრან, შეიწმინდონ ანდა ჯანდაბას,
როგორც წესია მდუმარებით გადააბიჯონ.
და ჩვეულებრივ, ზღვის დონიდან ძალიან მაღლა,
ვცილდები ქალაქს, საიდანაც არც თუ შორია
დაკიდებული ჰორიზონტის უმზეო გასვლა
მოძველებული აპარატის ფოტოკადრიდან.

??????