ლორთქიფანიძე ალექსანდრე (ხვიარა)
გაზიარება

დღე მეცხრამეტე 

დღე მეცხრამეტე, სადღაც მეოცის მოლოდინში..
ბინძური ძაღლი გადარბის ქუჩაზე,
კედელზე სტენსილით მიხატული მაო ძედუნი,
საყელოაწეული მამაკაცი ბორძიკით მიქანაობს ტრასაზე,
წყვეტილი ზოლის გასწვრივ და ირიბად,
ფოთოლცვენა გალეულია
და იმდენად მარტივია ღრუბლების განლაგება,
რომ მათი ყურება ან სნობიზმია, ან პოეზია..
დღე მეცხრამეტე, სადღაც მეთვრამეტის გასაყარზე..
მკითხავი ქალი ნეკა თითზე იმაგრებს თუთიყუშს,
ჭადრის ხეზე ვიღაცამ ამოჩხაპნა “კიდე მინდა”,
ჯობდა დაეწერა “აფსუს”..
და იმდენად უყურადღებოა ახლა თბილისი,
ქუჩებში ხეტიალი არც ბომჟობაა და არც რომანტიკა,
უბრალოდ ლტოლვა..
დღე მეცხრამეტე, შუადღის სწორზე,
იტალიური ეზოს ჩიხთან მყრალი სუნია,
წუხელ დალიეს ეზოს ბიჭებმა ქვეყნის სადღეგრძელო,
(არაყი არაფრად ვარგოდა),
მერე იქვე კუთხეში მიაფსეს და ამოიოხრეს..
ყველაფერი ძალიან ჰგავს პაზოლინის შავ-თეთრ კადრს,
(ფერადი რომ გადაეღო იქნებ არც მომწონებოდა)
მაგრამ არავინ იცავს პაუზებს
და სუსხიანი, შიზოიდური ამინდის ფონზე,
ქალაქი იღვიძებს პახმელიაზე..
დღე მეცხრამეტე..
კინოთეატრში აჩვენებენ ჩინურ ავანგარდს..
შენობებს ისევ ბუღი ასდით
და სიგარეტის კვამლში ჩაძინებულ ბებერ მათხოვარს
არ შეუსრულდა დღიური გეგმა, ადგილს წაართმევენ..
ჭადრის ხეზე, ახლა უკვე მეორე მხრიდან ამოჩხაპნეს:
“სიტყვები.. სიტყვები.. სიტყვები”..

??????