წერილი პერპეტუას
პერპეტუა!
დღეს პირველად გადავწყვიტე მომეწერა და გწერ: უკვე მეოთხე თვეა რეინტაუნში ვარ და რიგიანად კვლავ ვერ დავსველდი. აქაურები ქუჩაში პირველივე გასვლისთანავე სველდებიან. დიდი შავი ქოლგები ახურავთ თავზე. აქ წვიმას გაურბიან, სძულთ ისევე, როგორც მე მძულს მზე.
მაშფოთებს სანტაუნზე და შენზე ფიქრი... მე ვერ მოგთხოვ წვიმა შეიყვარო და რეინტაუნში ჩამოხვიდე... ვერც საკუთარ თავს ვაიძულებ მანდ, ყვითელ ქალაქში დაბრუნებას...
ეს რამეს ცვლის პერპეტუა?
არ გამომივა ამ ხმაურის გარეშე...
ბევრი რამ არ მითქვამს შენთვის რეინტაუნზე. ამ ქალაქსაც აქვს მცირედი ნაკლი(ისე როგორც ყველაფერს): ზედმეტად კეთილმოწყობილია ქუჩები, გზები, სახლები, წვიმები... აქ ერთ გუბესაც ვერ ნახავ. ყველა მილიმეტრს თარაზოში ასწორებენ...
საკანალიზაციო სისტემაც ზედმეტად კარგად მუშაობს (ეს ჩემთვის ნაკლია).
ერთი კვირის წინ, საერთო საცხოვრებლის გვერდით პატარა ორმო ამოვჭერი და მთელი საღმო ვთამაშობდი იმ თამაშს (ვიცი ახლა გულიანად გაიცინებ და დამცინებ ძველებურად). იმ ღამით სანტაუნის და გრძელი თებერვლის შეგრძნებბით დამეძინა...
მეორე დილით უწყება დამხვდა კართან: დროპსტრიტის განყოფილებაში დამიბარეს (მეზობლებმა მიჩივლეს) და ამ უწყინარი გათხრითი სამუშაოების ჩატარებისათვის, ოთხასი ვენსგაპი გადამახდევინეს. მაგრამ ხომ მიცნობ ( აქაც გაიცინებ, ვიცი), დიდი ვარცლი ვიყიდე (აქ კი, უკვე დამცინებ)...
დღეს ამ წერილით მმოვრჩები და ისევ მოგწერ მალე. ამჯერად ოთხ თვეს აღარ დავიგვიანებ...
კიდევ...
მავიწყდებოდა...მიყვარხარ პერპეტუა...წვიმა უფრო მეტად!
ახლა შენი ჯერია, ჩამო!..
მეტად ნუღარ მოსწევთ სასხლეტს,
ავად იყურება ლულა.
ბუხარს დაუღია პირი,
ცეცხლის გადაყლაპვა უნდა.
სამჯერ უმადობას ვლუკმავ
დღეში, სამივეჯერ ვირგებ.
აქვე, ფანჯრებიდან, ზუსტად
ექვსი დათვლაა და უკვე...
ჩამო!..