ლორთქიფანიძე ალექსანდრე (ხვიარა)
გაზიარება

ეს 

როცა ეს მოხდა,
არ უყვარდათ ქალებს კაცები
და მთვარე იყო ოდნავ უფრო შეყვითლებული,
ვიდრე უფერო..
თვალები ჰქონდათ არეული და პირდაპირი,
როგორც ბილიკი, რომლის ბოლოც
ისე შორსაა, რომ ყველა არჩევს
შუა გზიდან უკან შემობრუნებას..
როცა ეს მოხდა,
არ აცხობდნენ ფორთოხლის ნამცხვრებს,
უბრალოდ ხიდან მოწყვეტილ ნაყოფს,
მტვრის შეუმჩნევლად და ამის გამო
ხელის გადასმის გარეშე ათავსებდნენ ენის შუაში..
არ არსებობდა არც ომები ათასწლოვანი,
არ ინახავდნენ მიწაში ოქროს
და არც ბანკებში ხსნიდნენ ანაბრებს,
მხოლოდ დაჰყავდათ მკერდზე მიბჯენილ
ტყავის ნაჭრებით ახალშობილი,
მათთვის კი უფრო, ერთ მზიან დილას საკუთარ სხეულს
მოწყვეტილი და გამოგდებული ანგელოზები..
როცა ეს მოხდა,
არ თამაშობდნენ ბავშვები ქაუნთერ სტრაიკს
და დღე იყო უფრო გრძელი, დაუგეგმავი,
არ ერქვათ თვეებს სახელები
და წელიწადებს არ ჰქონდათ რიცხვითი თანმიმდევრობა,
ასაკს, უბრალოდ თვლიდნენ ხელებზე კოჟრების მატებით
და ქუთუთოების სიმძიმით,
ამიტომ ხშირად მოხუც ბავშვებს ეკითხებოდნენ აზრს უფროსები..
როცა ეს მოხდა,
არ იცმევდნენ ბიჭები ჯინსებს
და გოგონები არ ისვამდნენ დიორის კრემებს,
მხოლოდ უყვარდათ ერთმანეთის კანის სუნები,
შეზავებული მიწის და წყლის არომატებით..
არ არსებობდა დედამიწა, როგორც ასეთი
და უსასრულო სამყაროზე წარმოდგენები იყო უეჭვო,
უსახური ღამეების ფონზე კი
ლამაზი ჩანდა ინტერესი მდინარის იქით..
როცა ეს მოხდა,
არ აგებდნენ კოსმოდრომებს
და არ ითვლიდნენ ყოველწლიურად რიცხვს ცუნამების
და სხვა მსოფლიო კატასტროფების,
რადგანაც ერთი უპრეცენდენტო სიკვდილი მაშინ
იყო ტკივილი მხოლოდ ერთი, მხოლოდ პირადი
და არა მთელი დედამიწის ბრმა სტატისტიკა..
როცა ეს მოხდა,
ჯერ კიდევ არსად არ მღეროდნენ საქველმოქმედოდ
და არ უყვარდათ პოპ-კორნი და “მეოცნებენი”,
მხოლოდ საღამოს, მზის ჩასვლისას გადაღლილები
იწვნენ ხის ძირას უწარსულო სველი თვალებით
და უყურებდნენ ჰორიზონტებს, თითების ლოკვით..
ასე იყო და ემატებოდნენ ერთმანეთს
ნასისხლარი და ნასიცოცხლარი მილენიუმები,
თითქმის ხუთამდე,
როგორც თითები მარცხენა ხელზე
და თითქმის არვინ
და თითქმის ვერვინ წარმოიდგენდა
როცა ეს მოხდა,
რომ სულ რაღაც ორმოცი წელი დასჭირდებოდა
მთელი მსოფლიოს ერთმანეთზე ორჯერ ზედიზედ გადაკიდებას,
რადგან არ გრძნობდნენ ამბიციას უკეთესობის
და სანამ ხე არ დარჩებოდა ჩრდილის გარეშე,
არ უნდებოდათ ქალებს კაცები..
როცა ეს მოხდა,
ჯერ არ წერდნენ ლექსებს ყოველდღიურად
და მით უმეტეს ვერ დაირქმევდნენ გენიოსებს,
უბრალოდ ჩხაპნიდნენ კედლებზე წარწერებს,
უსასყიდლოდ, დაუნანებლად
და თითქმის სჯეროდათ რომ ვიღაც შემდეგ ნახავდა სისხლით
გამოყვანილ და ამოტვიფრულ ეპიტაფიებს..
როცა ეს მოხდა
და ზუსტად მაშინ, როცა მოხდა ეს
ჯერ არ იცოდნენ კოსმიური ანომალია,
ჯერ არ იცოდნენ ინგლისური სალაპარაკოდ,
ჯერ არ ესმოდათ,
სწორედ მაშინ არ ესმოდათ, რომ ხდებოდა ეს,
როცა ეს მოხდა..

??????