ჯავახიშვილი კატო
გაზიარება

რომანი 

დილა _ გახურებულ ბაჯაღლოს მონეტას სხეულზე იშანთავს,
ცხელა ფერდობებზე, ვარდის და გვირილის ვიკეთებ სამკლავურს.
მინდვრებს დაგეშილი ძაღლივით მივყვებით, ბანაკი ბოშათა
სილაგარტყმულივით ტოვებს ამ ქალაქს და გზა-სავალს
იმოკლებს.
ხელზე ნამკითხავებ, გვალვისგან გადამწვარ ველებზე ვჩერდებით,
მზერას ვიჩრდილავ და...
ვითომ უდარდელი, ყალიონს ვაბოლებ.
მთელი დედამიწა, ჩახსნილი კარვიდან სიყვარულნაჩვევი
ქალივით იწვის და კოცონთან ალივით ჩურჩულებს სიბნელე.
ფრთხილად, ხაფანგია!
თვალებს დავიწყების სურვილით ვაელვებ,
ფეხზე მკიდია თუ დანისლულ განთიადს ვერ ვმალავ სამოსში,
მოსჩანს გაბზარული ჭიქიდან გზა-ხაზი _ ცხოვრების სამელნე,
ქალი კრიალოსანს კარვის მისადგომთან, თმასავით ჩამოშლის.
დასწყევლოს გამჩენმა, ეს მიწა შენსავით ცხელია, ცხელია,
მზერას ვიჩრდილავ და...
ისევ უდარდელად ვაბოლებ ყალიონს,
გაღმა ქალაქს სძინავს, ათასი ჭორით და ტკივილით ნამეხარს,
აქ კი ნაკვერჩხალზე ცეცხლის ენასავით სიფხიზლე ყვავილობს.
იწვის ფერდობები, ჭრელი კაბასავით ტრიალებს,
ტრიალებს...
დილა _ გახურებულ ბაჯაღლოს მონეტას სხეულზე იშანთავს,
სილაგარტყმულივით ვტოვებთ ამ ქალაქს და გადაშლილ
ტრამალზე
მინდვრებს დაგეშილი ძაღლივით მიჰყვება ბანაკი ბოშათა.

??????