***ისე მშვიდია ეს გაზაფხული
ისე მშვიდია ეს გაზაფხული,
თითქოს, უბრალოდ თამაშობს ბავშვი
და თავის უცხო წარმოსახვებით
კვლავ ინარჩუნებს სიზმართან
კავშირს...
გადახუნებულ დღეთა აკიდო
მოგონებების შემორჩა ხარდანს;
სხვა არაფერი არც გვაბადია,
ამ უსიცოცხლო წარსულის გარდა.
თუმც ხიდი _ უკან დანაღმულია,
მაინც გავრბივართ გულისხეთქებით
და გაზაფხულზე,
ატმის ხესავით,
მოგონებათა ნაღმზე ვფეთქდებით...
და დაფლეთილი ჩვენი სულები
იძირებიან წვიმათა შვავში,
ისე უბრალოდ და გატაცებით,
ისე საშიშად
თამაშობს ბავშვი...