ლორთქიფანიძე ალექსანდრე (ხვიარა)
გაზიარება

ჰირან! 

ოვვა იალა!
დილა იწყება კვნესით..
რა უცნაური სიყვარული სცოდნიათ აღმოსავლეთში,
ფიქრის ღრუბლებით მოქუფრული,
ყოველ გამოხედვას ფერი აქვს წვიმის და წვიმა კი არ ჩანს..
ეს სამეფოა განწირული ემბრიონების..
ოვვა იალა!

მინარეთებზე შემომჯდარი პატიოსნება
ხარბად ეტანება ამერიკულ წყურვილს..
რა უცნაური ფიქრი სცოდნიათ აღმოსავლეთში,
თითქოს აქ მხოლოდ ცაა წყნარი, მზეა ღიმილის,
მაგრამ სულ მიწას ჩასჩერებიან ტირიფებივით
და ბავშვი, ცრემლით ხელ-პირს რომ იბანს განთიადისას,
ოცნებობს მხოლოდ ავტომატზე, ბევრი ტყვიებით..
და აქ თოჯინებს მიუჩინეს რა ხანია მყუდრო ადგილი,
ცეცხლის ზვინებში, მიწის ღრმულებში..
ჰირან! ოვვა იალა!
გაკივლებული ვნებებით
და მზის ჩასვლისას მიძინებული ანგელოსებით..
აქ ყოველ წამს სჭედავენ თვალების ამბოხს,
თქრიალით ღვრიან საკუთარ სისხლს გასამრავლებლად,
სერავენ ღურბლებს წვეტიანი მზერის ისრებით
და არც ელიან ცისგან შვებას..

ოვვა იალა!
დღე სრულდება კვნესით დაღლილი ქალებით
და ბავშვები ტალახებში იბანენ ფეხებს..
ჰირან! ოვვა იალა!
დაწნეხილი ოცნებებით გაზიპულ თმებსაც
ხშირად ეტყობათ წუხანდელი ნაოცნებარი ამერიკაზე..
ეს სამყაროა დაჩეხილი ემბრიონების,
და გამოჭვარტლულ თვალის გუგებს დანით ხეთქავენ,
რომ აღარასდროს დაინახონ ბავშვების ომი
და მინარეთზე შემომდგარი მოლა მძინარე..
ოვვა იალა! ჰირან! ოვვა იალა!
რა უცნაური სიყვარული სცოდნიათ აღმოსავლეთში..
გაყვითლებული კოცნებით და რაჰათლუჰუმით..
და სიტკბო აღწევს მხოლოდ პირის გამოქვაბულში,
იმის იქით კი მთები მწარედ იგრიხებიან..
ჰირან! ოვვა იალა!
ოვვა იალა, ჰირან! არ ჩაგეძინოს!

??????