ლეჟავა მანუჩარ
გაზიარება

სალომეა 

იცეკვე ისე, რომ დედამიწა შეჩერდეს წუთით.

ისე იცეკვე, არ ვინატრო დადგომა დილის.

ხენდროსფერ თმების გასაშლელად მოუხმე ქარებს

და მაგ ლილისფერ სურებიდან ზღვის სუნთქვას ვიგრძნობ.

იზრდება შიში, ვით უეცრად მოქნევა დანის,

თრთოლვა ემჩნევათ ჰორიზონტზე ღრუბლების ბელტებს,

გაზის პერანგმა გამოკვართა სისველე ტანის,

დგახარ და ვხედავ ჩახსნილ ღილთან ასკილის კერტებს.

არ ჩაიმუხლო აქლემივით ამ უდაბნოში,

ნუ ჩამოიწყვეტ წყურვილისგან მაგ ვერცხლის ზარებს,

შენ გისახსოვრა ზურმუხტები მედინმა გველმა,

ნუ შეატოვებ შხამს გათანგულ უსაზღვროებას.

დროა იცეკვო, ხედავ, უკვე გაფითრდა მთვარეც

და თეთრ ღრუბლებზე გაგორდება მოჭრილი თავით,

სისხლიან ფეხებს შეგიმშრალებს მხურვალე ქვიშა,

გამომაფხიზლე ავ სიზმრიდან, ნდომით ვარ ავად.

იცეკვე, მხოლოდ შენი ნებით, გთხოვ, სალომეა,

რომ მაგ ლილისფერ სურებიდან ზღვის ღელვა ვიგრძნო.

??????