ლობჟანიძე გიორგი
გაზიარება

მე გჩუქნი თვალებს 

მე გჩუქნი ჩემ თბილ, თაფლისფერ თვალებს,

დღეს სულერთია ჩემთვის, ვინა ხარ,

მე თვალებს გჩუქნი,

ეს იმას ნიშნავს,

რომ თვალს აახელ და დამინახავ.

რადგან ვხედავდი, მთელი ქვეყანა

მუდმივად კვალში მედგა მუქარით,

მე თვალებს გჩუქნი,

ნუ გიხარია,

შეჩვენებაა ეს საჩუქარი.

თვალებში მთელი სამყარო მოჩანს

და ის გეყოფა ფიქრად თუ დარდად,

გქონდეს თვალები და ამ თვალებით

ყველას ხედავდე იმ ერთის გარდა.

მე გჩუქნი კეთილ, ნაღვლიან თვალებს,

ვით იის ანდა ენძელას კონას,

შენ ჯერ ვერ ხედავ, რომ ამ თვალთაგან

უკანასკნელი ცრემლები ჟონავს.

დიდი და უხვი სინათლის ნაცვალდ

დამრჩება ორი ბნელი ფუღურო,

ნუ გიხარია,

შენ ამ თვალებით

ხვალ ბრმა ქვეყანას უნდა უყურო.

??????