სევდა
ადრე ჩემს სევდას
ადამიანის სიმაღლე და მოხაზულობა ჰქონდა,
ქართველი მეფეების ფრესკებს
ეკლესია რომ უჭირავთ ხელში,
ზუსტად, ისე,
თეთრი, მკაცრი სენაკი ედგა ხელისგულზე,
ფრიალა კაბაში სქესი არ ეტყობოდა
და, თითქოს, ყინვაში
გახამებული პერანგი ჩამაცვეს,
ისე მომარგებდა ტანზე ამ სენაკს,
სადაც ჩემს გარდა კიდევ
გვირილები იყო მაწვნის ქილაში
და იადონის გამყინავი,
ლიმონისფერი სიმღერის ძაფზე
მკვდრის მზე ეკიდა...
იადონი მაინც ფუფუნების ნატეხს გავდა,
ასკეტის მიერ გაწეულ შეღავათს
ჩემს მიმართ...
ჭერის მარტივი თეთრი ბათქაში
მარიდებდა მაცდურ სიჭრელეს,
ლიმონი სუსხის წვეთებს ღვრიდა
პაპანაქება _ სიმაძღრეში,
გახამებული საყელო
მოლაპარაკე ყელს მეურვეობდა,
რომ ლაყბობამდე არ დაცემულიყო...
ჩემო მკაცრო, კეთილო სევდა,
ახლა, როცა არც ტანი გაქვს,
აღარც ფერი და ხაზი გეტყობა,
სახლის ყველა ღრიჭოში რომ შემოდიხარ ჰაერივით
და სიცოცხლეს მიწამლავ,
როგორ მენატრება ის თეთრი სენაკი,
გვირილები მაწვნის ქილაში
და იადონის სიმღერის ფსკერზე
დაპნეული ლიმონები _
მზე და სუსხი, ცეცხლი და ყინული
ჩემს ბუნებაში მორიგებული...