სტურუა ლია
გაზიარება

ალბათ გვალვისაა ეს თავისტკივილი... 

ალბათ გვალვისაა ეს თავისტკივილი:

ხალვის შრეები,

უგონოდ ტკბილი და წებოვანი,

ჯოჯოხეთური წრეხაზივით შემოწერილი

შუბლის გარშემო...

და კიდევ:

მანქანების, ლიფტის ბორბლები,

ტელეფონების და აქტიური მზის დისკოები...

და მე აღარ ვიცი,

მწყინს თუ მიხარია,

როცა სოფელში

ეს მტკივნეული და უკვდავი ლტოლვა წრისაკენ

სახეს შეიცვლის

და ყველის წველასავით

აფუებულ ცომის გუნდებში

გამოასხივებს ცხიმის ოქრო,

ხოლო ყველა ფრთოსანი ტანი

გამოავლენს

უშეღავათოდ შეკირული კვერცხის სასწაულს...

მე ვერ ვიტყვი, მშვენიერია თუ შემზარავი

ცხენების ფიცხი წითელი ცეცხლი

უბოლოო, ტრიალ მინდორში...

რადგან არის თავიდათავი:

ორ ადამიანს, ორ ბალახს

ან ორ ქვას შორის

გაჩენილი ტკივილის მუხტი,

რომელიც თუკი შეამჩნიე,

ყველაფერი ამ ქვეყანაზე

იპოვის თავის გამართლებას

და სხივმოსილებას... 

??????