სტურუა ლია
გაზიარება

ანგელოზის დღე 

მაღვიძებს სიცხე, მოდის ჩემი ანგელოზის დღე,

გამობმულია ყვავილობა მაისის ქარზე,

რაღაც მფრინავი არსებები უკრავენ ქნარზე,

ვიღაც ქალები რძეს მასმევენ ვერცხლის კოვზებით.

ვერცხლი ძველია, გაცრეცილი, რძე ნელთბილია,

დედები _ სხვისი, ამიტომაც, ელვარედ მკაცრი,

ტახტს შეეზარდა და ხალიჩიანს ჭარმაგი კაცი,

დგანან შვილები, ყველა ვალი გადახდილია

და რაღა მინდა, რას ვწრიალებ და ვერვჩერდები?

საუკეთესოდ ჩავალაგე ლექსში სიტყვები:

ცოტა სიგიჟე, ცოტა ფერი, ბევრი მელოსი

და, მაინც, მშვიდად და ლამაზად ვერ დავბერდები,

კიბიდან, ციდან გადმოვხტები და დავიმტვრევი,

მაგრამ ჩარჩოში ვერ მომაქცევს დღე ანგელოზის...

* * *

როგორ დამღალა წვრილმანებმა უსახო ყოფის,

უმნიშვნელობამ, უმწეობამ, უსახლკარობამ,

ვიტოვებ იმედს, რომ სიზმარში გავიპარები,

ანდა კედლიდან ჟანგიანი გაისვრის თოფი

და აყვავდება ჩემი სისხლი ზამთრის ბაღივით,

გავახსენდები მაშინ ყველას, ვინც მიმატოვა,

როგორც კიბეზე ავდიოდი, ისე მარტივად,

გადმოვიხედავ ჩემს ქალაქში ზეცის თაღიდან.

მზერაზე უკვე შემომავლეს ნისლის არშია,

ზემოდან, ოდნავ, შემირბილეს ის ჯოჯოხეთი,

წიგნებს რომ წვავენ და პოეტებს კუპრში ხარშავენ,

აღარაფერი არ გვიშველის, ღმერთო, მოგვხედე!

ვიოლინოთი გაანელე რიტმი მარშების

და ყველაფერი დანარჩენი ქარმა მოხვეტოს... 

??????