ბალადა ხორცზე
ხალხს, გამოწყობილს თეთრ ტანსაცმელში,
მოაქვს სისხლისფერი ბროწეულები...
რადგან ძროხის დაკვლა ებრძანა კაცს,
რომელსაც ჯერ წვეთი სისხლი არ დაღვრია
და ორი ძუძუმწოვარი:
ერთი _ მეწველი,
მეორე _ მეტყველი,
თვალებში უყურებს ერთმანეთს...
ერთი, რა თქმა უნდა, ბალახს ცოხნის,
ხოლო მეორეს იმავე ბალახში
ელიან სისხლისფერთმიანი ქალები.
ისინი ცხოვრობენ სასაკლაოზე
და საქონლის სისხლში იბანენ თმებს
და უზარმაზარ, მოკალულ ქვაბში
ხორცი თუხთუხებს...
მაგრამ არა ხორცი,
არამედ ბალახი
(მწვანე, რომელიც აქრობს სისხლისფერს),
კაცს დაანახებს,
რომ ძროხის რბილ და ელვარე სასაში
ანთია მაღალი სინათლე მარილის
და ამის გამო
მას აქვს უფლება,
ჩამოაცილოს მაძღარ მამაკაცს
ცხიმის შრეები
და რენტგენივით მიაშუქოს მის გულს და ფილტვებს
მარილის სინათლე
და დაინახოს მისი სევდა...
ჩემსკენ მოდიან შაოსანი მამაკაცები
და ყვითელ კომშებს აბნევენ გზაზე...