ბროწეულის ხე...
ბროწეულის ხე
აყვავებული, ისეთი შესახედავია,
რომ ერთი ყვავილი თუ მოწყვიტე,
რა არის, სისხლის წვეთი,
უტკივილო, დაუნახავი,
ამიტომ მთლიანად ხე უნდა დაიჭირო ხელში
და მიხვიდე კაცთან, რომელიც გიყვარს,
მთელი შენი სისხლი რომ გადმოანთხიო,
ისე გიყვარს,
მაგრამ ამას ხომ ვერ ეტყვი,
ხე კი ისე თვალსაჩინოდ ალისფერია!
რასაც ან შეამჩნევს, ან ვერა,
გაუკვირდება კი, ასეთ უღონო ქალს
ამხელა ხე როგორ გიჭირავს ხელში!
და კაცს რომ რამე გაუკვირდება
ის, ჯერ კიდევ, შეიძლება
სიკეთისკენ მოაქციო...
ხოლო ორი გაკვირვებული ერთად
უკვე მთელი სამყარო სიკეთეა,
ან მთელი სამყარო სიყვარული,
რომლის ფერსა და სიტკბოში,
ბროწეულისა არ იყოს,
ღმერთის ხელი ურევია...