სტურუა ლია
გაზიარება

გამიგონია, მთიელ ხვარამზეს... 

“ნეტავი თასად მაქცია,

რო ღვინით აგევსებოდი,

შეფერილი მქნა წითლადა,

შამსვამდი, შაგერგებოდი”.

ხვარამზეს ლექსი ვაჟიკას

გამიგონია, მთიელ ხვარამზეს

კაცი უყვარდა,

ის იყო, ალბათ, გუთნისდედა და მონადირე,

და ერთხელ დილით

მის ეზოზე ჩამოიარა.

არ უთხოვია წყალი ან ჩრდილი,

არ შიებია მსუყე ხინკალი,

არ უძებნია ლამაზი და ჯანსაღი ცოლი,

ისე, უბრალოდ, მის ეზოზე ჩამოიარა.

არც დაუნახავს ეზოში ქალი,

რადგან ეს ქალი

არ აგონებდა შველს ან პირიმზეს,

ის იდგა ჩუმი და უჯიათი

არ შეავედრა ოჩოპინტრეს მისი იღბალი,

არც გადუხლართავს ცხენის ძუა

ვერცხლის მძივებით,

რომ ამოევსო წმინდა ჩხრიალით მისი ჭენება...

არც უთხოვია, არაფერი არ უთხოვია...

ის გავდა მინდორს,

რომელზედაც მხოლოდ დადიან

მაგრამ არასდროს არ აგონდებათ...

ის არც წასულა, არ ასვეტილა

ყველაზე თეთრ და ამღერებულ ეკლესიაში,

ვით ხე დარდისა

ბერწი და ყვითელი.

მან შემოავლო თავის სევდას

მაღალი ღობე,

და მამაკაცის ნაფეხურები

იდგა მიწაზე,

როგორც პურის ან ღვინის მცენარე...

და არ იცოდა მონადირემ,

რას ნიშნავს, როცა

დედაკაცები გამოვლენ მზეზე,

ლაპარაკობენ მოგუდული ხმით

და ზარებივით არხევენ თავებს

და როგორც ძველი, ყვითელი თაფლი

მათ ტანებზე წვეთავს შუადღე...

მან არ იცოდა,

რადგან გავდა მეძებარ ძაღლებს,

რომლებიც სდევენ ნადირს კი არა,

საკუთარ შიშს,

ამ ნადირივით დაუძლეველს და გაუგებარს

და არ იციან,

რომ არის სადღაც ასეთი ქალი,

ერთადერთი,

მას შეუძლია ააფაროს

თავისი თმების თავთავები

მარადიულ და კაცურ სევდას

და მისცეს პური შიშის მაგივრად

და გავდეს მინდორს

მთელი სიცოცხლე

მინდორს, რომელზეც მხოლოდ დადიან,

მაგრამ არასდროს არ აგონდებათ... 

??????