სტურუა ლია
გაზიარება

კალაპოტში დაბრუნება  

ჩემგან ოთახებს ყიდულობენ,

მე სახლის სიმბოლოს ვყიდი,

ამის გამო მტკივა თავი, თმა,

ჰაერი მის გარშემო, ანუ

შარავანდედის ადგილი,

რომლისთვისაც მაყურებელი

სარკეებს ამტვრევდა და, კიდევ,

კათარზისისთვის, თეთრ პურისთვის...

მაგრამ სულ თეთრ ფერსაც ვერ შეჭამ,

ანემია დაგემართება,

ცოტა ვიტამინები გჭირდება,

ცოტა რევოლუცია,

სისხლის მონელება კი ჭირს,

ასი ვედრო დაჭყლეტილი პამიდორივით,

ლოყაწითელ აღსარებაშიც არ არის მონანიება...

როგორ შეიძლება, ისე გაიხადო საქმე,

რომ დასაბრუნებელი ადგილი არ გქონდეს,

ცხრა მთას რომ გადაივლი,

ტალახისფერი სევდა მიიტანო,

შვებულებიდან სიმწვანე გამოწურო

და გამოუყენებელ ბროლში ჩადო,

ლეღვის მურაბით ჩაი დალიო...

საწერ მაგიდაზე თავი რომ დაგივარდებოდა

და თვლემდი, შავი მთვარე იხატება

იმ ადგილას, ამას ხომ ვერ გაყიდი!

სიმბოლოები წიგნში დატოვე,

სახლი დააბრუნე მცხეთის ქუჩაზე,

შიგადაშიგ წაიწუწუნე რომ

არც ერთ უნივერსიტეტში

არ კითხულობენ ლექციებს

მელანქოლიის ისტორიაზე... 

??????