კიდევ ერთი ღამე გავიდა...
გრეტა გიორგობიანის ხსოვნას
კიდევ ერთი ღამე გავიდა
და თანაგრძნობა, როგორც კვეთი,
წამლის შუშებში ადედებს დღეს,
მამრობითი სქესის თანაგრძნობა...
და შენი მზერის დაწმენდილ მინანქარში
იჭრება ყოფა;
თვალისმომჭრელი, უსირცხვილო და ბედნიერი:
დილით დაკლული თბილი ძროხა
მოაქანავებს თავის მკაფიო ალისფერ სხეულს
და ყელზე შებმულ ზანზალაკში
იგულისხმება ზარების ექსტაზი,
ნესვის მუცლიდან ისე სქლად წვეთავს
ოქროს თესლებით მოჩითული მზიანი მასა,
ისეთი ტკბილია
რძეში ჩამხობილი მარწყვის ჟრუანტელი,
და ისე სისხლჭარბი
პამიდორისა და პილპილის
შეშუპებული, მხცხუნვარე ტანები,
რომ ტკივილის წითელი სალტე მოგიჭერს შუბლზე...
საგნები,
მტაცებელი ცხოველებივით ისრუტავენ
წყალსა და ჰაერს,
რომელიც გათავდა, რომელიც აღარაა...
შენი კაბა აცვია მოთმინებას
და ამხელა სტიქია ვერ ეტევა
მიმქრალ ხაზებში...
როგორ გინდოდა ყვარებოდი ვინმეს ისე,
არაფრის გამო, როგორც ზღაპრებში,
ფარშავანგის ფრთასავით ჭრელი ლიბრი
გადაკვროდა თვალებზე და ყვარებოდი...
და ამ აზრის ნეტარ სიღრმეში,
ჭირისუფლების კარაქივით რბილ სიტყვებში,
თუ შენს მტკივნეულ მარტვილ თავში
ისახება მუსიკა
მრგვალი, სავსე და თოთო ხმოვნებით,
მერე თანხმოვნების ეკლიან ხერხემალზე
გადაეკვრება კანტილენას ჩვილი კანი,
ქათქათა ხორცით და სისხლით გაივსება,
და ბავშვი _ ზარი
ჩვეულებრივი დედის მუცლიდან ამოზრდილი ჭეშმარიტება,
დგას გამჭვირვალე, წკრიალა თოვლში,
რომელიც ცაა...
ვერცხლის ნიჭბებით ურევენ თოვლში,
ვერცხლის ნიჭბებით, შენი ბავშვები...
და უცებ, თითქოს, ტკივილის სალტე
ვიღაცამ მოუშვა,
შენ გეუფლება ბედნიერება,
არარსებული, უსასრულო,
იღება კარი და შემოდის ჰაერის ნაკადი,
რომელსაც სუფთა სარეცხის სუნი აქვს...