სტურუა ლია
გაზიარება

მუსიკა  

მე ვხედავ:

პიკის საათებში

მანქანების, ტრამვაების, ავტობუსების ორომტრიალში

ხეებივით დგანან

ყველან მომღერლის და პოეტის

ყელიდა ამოგლეჯილი

ოქროს წყალში გავლებული ხორხები,

რომლებიც სიმღერისა და ლაპარაკის

უცნაური უნარის გამო

ორღანს შეადგენენ...

აქ მოდიან ქალები:

უნაკლო წრეებისგან აწყობილი ტანებით,

ოქროს გუმბათით თავის მაგივრად,

და მამაკაცები, რომლებმაც

ტკივილის მართი კუთხეებისგან აგებული...

მათ მოყავთ ბავშვები,

რომლებიც დგებიან

ორღანის ხესავით გატოტილ ტანთან

და მოწყალებას თხოულობენ:

არა პურს, რადგან არ შიათ,

არც ფულს, რადგან ის ახლა არ არსებობს,

არამედ მუსიკას...

_ მიეცით მუსიკა მანქანების გამონაბოლქვით

და სტერეოხმაურით გაოგნებულ ბავშვებს!

რძიან ჭიქაში ჩაგდებული

ვერცხლის კოვზის მარტივი მუსიკა

შოკოლადში ჩარჩენილი

სარძევე კბილი,

ავადმყოფის ვენაში შეშხაპუნებული

მუსიკის ნარკოზი,

და მეწამული დაფდაფები პირველი სიყვარულის...

ქალები გადაუდგებიან ავტობუსებს,

მუხლებზე დაეცემიან

მანქანების პატრონთა წინაშე:

_ მოიღეთ მოწყალება და მუსიკა ცოტაოდენი

მიეცით ბავშვებს!

მაშინ მანქანები გაჩერდებიან,

ყველა გამვლელი გადაიხსნის

საძილე არტერიას

და ყელის ჭრილში გამოხეთქავს

ოქროსფერი მილების ტყე,

რომელიც სიმღერისა და ლაპარაკის

გასაოცარი უნარის გამო

არის მუსიკა. 

??????