სტურუა ლია
გაზიარება

სად არის საბუთი? 

ჩემი სამზარეულოს გაზქურა _

რაღაც, უცნობი შენადნობებისგან

დამზადებული ძროხა, თბილი გვერდებით,

ასეთივე რძით,

რაც ადუღებისას გადმოვა,

იმის შარავანდედით თავზე...

ოთახებში ცივა, გათბობა გაძვირდა,

გაყიდვას გადარჩენილი ფაიფურის ბუკოლიკა

ყინულივითაა და თვალს აღარ ახარებს,

ქურის გარშემო ვცხოვრობთ:

ბავშვები გაკვეთილებს სწავლობენ,

მე ხელებს ვითბობ, ჩემი ქმარი,

საიდანღაც, ჭერიდან, ფაფას მთხოვს,

თუნდაც, კორკოშელებიანს,

ამდენი უსაგნობის მერე...

ბურღული რაა,^

მიზიდულობის კანონს მოვუხარშავ,

შეუძლებლობიან-ჩემიანად,

დანარჩენზე ის იზრუნებს,

ჩემი ცივილიზებული ძროხა,

არც ახალი მინდორი უნდა საზღაურად,

არც ორატორობა

უფსკრულის პირას,

უმწეო მტკიცება,

რომ ხელნაწერები არ იწვიან!

სად არის საბუთი?

თუნდაც, ისეთი რეალური,

როგორც რძე, ან ფაფა, ან გაზქურა,

ჩემი ერთი ტონა სიყვარული... 

??????