ხეები
მე თქვენ მიყვარხართ ბავშვობიდან და სიკვდილამდე
როდესაც მიწას დამირბილებთ თბილი ფოთლებით,
მე ხომ გივლიდით და გასმევდით წყაროს ბოთლიდან,
უჟმურ ქალაქში ყვავილობას გიადვილებდით.
თქვენი მდინარე, სადღაც, მთების მიღმა დიოდა,
მისკენ გავარდნის სადღა იყო ძალა და ხარჯი...
და მე მაქმანისფარდებიანს, გიღებდით ფანჯრებს,
როდესაც პიკის საათებში თავი გტკიოდათ...
მე თქვენ მიყვარდით, წიწვიანი და ფოთლოვანი,
ყვავილოვანი, მოშრიალე, აზრებს ზნეკეთილს
რომ გვირიგებდით, როგორც ბავშვებს, მცირეწლოვანებს,
რომლებშიც ზოგი ცვილი იყო, ზოგი _ კერკეტი,
მაგრამ ყველანი ვასრულებდით ზეცის შეკვეთას -
თქვენ ქარში ფრენით, ჩიტი _ სტვენით, მე _ თანხმოვანით