მაღრაძე დათო
გაზიარება

სალვე 

ანგელოსო, სამოთხიდან ასე შორს
ნაომარი ქვას მოვძებნი კეფით,
თვალს შევავლებ განივ ფრთებზე
ჯვარცმულ ქორს
და გულისპირს გადავუშლი ზეფირს.

დაყრილ მკლავებს დავატოლებ ცაზე ქორს,
ანგელოსო, სამოთხიდან ასე შორს.
ანგელოსო, სამოთხიდან ასე შორს,
ამ ქალაქში მტვერია და ბური,
მითქმა-მოთქმას მიჩენილი ყური...
ვინც არ იყო უშურველთა შორის,
ზეთის ნაცვლად შუბლზე იცხო შური,
ამ იღბალში ატეხილი შარიც შურს,
როცა ისმენს ლექსში კაბის შარიშურს,
ანგელოსო, სამოთხიდან ასე შორს
მაზიარე ღვინითა და პურით.

ალკოჰოლით და თამბაქოს კვამლით
კაფეებში დაბინდული მზერა...
ეს ქალაქი არ ყოფილა გავლით,
ვინც შეეხო, ექცა ბედისწერად.
სადარბაზოს შესასვლელი — სალვე
ზედ — მარკიზი, დაცერილი ცუდად,
ნააფიცრალს ჰგავს სიცოცხლის დამლევს,
გალოთებულს მოგდებული ქუდით.

ანგელოსო, სამოთხიდან ასე შორს
ძველი სახლის ჭერი კედელს დაშორდა,
ჯოხის ცხენმა დაიბრალა რაშობა,
გამოასწრო, როგორც დედის საშოდან,
ანგელოსო, სამოთხიდან ასე შორს
ნანგრევებში მოჰყვა ჩემი ბავშვობა.

ანგელოსო, ჩალის ქუდი ასე შორს,
წყალს მიჰქონდა სამოთხიდან ასე შორს...
და ხიდიდან ყვავილები მძივად
თითქოს ძაფი გამწყდარა და ცვივა,
თითქოს მძივის გაწყვეტილა ძაფი
და ყვავილებს ალივლივებს ტალღა,
ჩალის ქუდი ვერ იპოვის ნაპირს,
შეერევა, როგორც სათიბს ღალღა.

ანგელოსო, მიტოპავენ წვალებით...
სიყვარული მდინარეში ფონია...
დაირწევა ჯაზი მაწანწალების, —
შეწყალების უკვდავი სიმფონია.
ზედ სათიბზე ფეხით მოდის ქალი,
ტერფიც არ დასველებია პურში,
პირჯვარს ვიწერ, რომ არ ჰყავდეს ცალი,
ამიცხადდეს, რაც მესიზმრა გუშინ:
მწიფე პურის მოვარდნილი წყალი
პურის ზვირთზე — ფეხშიშველი ქალი...
შესვლას ვბედავ, გადავაბი მორი მორს,
ანგელოსო, სამოთხიდან ასე შორს.

— საით არის ამ სათიბის სალვე,
პურის ჩქერში თუნდ მხარულით შევალ,
თეთრი ქალი სხეულს გაიალვებს,
ასე ახლოს გაიელვებს ევა.
და იელვოს თუნდაც ციდან დელგმამ,
პურის ტალღებს თუნდ მხარულით გავჭრი.
და ოცნება შემეწევა ყველგან, —
ნატვრის ხეზე განასკვული ნაჭრის.

შემეწიე, ანგელოსო, გვედრი,
დაგლანდე თუ დღესასწაულს ვენდე...
თეთრ ტაძარში მომყავს ქალი თეთრი,
რაც იქნება, ის იქნება შემდეგ.
თოვლში ვარდი აყვავდა და ვარდზე თოვს.
ქორი ზოლად გააყოლებს ცაზე შოვს,
ანგელოსო, არ მენახე დღემდე,
ანგელოსო, სამოთხიდან ასე შორს.
ანგელოსო, სამოთხიდან ასე შორს
აზ საყვარელს წერილს ვუწერ, შორია, 
ქვაზე — კეფა, მაღლა ცაზე ქორია,
ერთი იყო, ვხედავ, ახლა ორია,
მადლი უფალს! ქორსაც სატრფო ჰყოლია,
ფრთა შეახო და თან გაიყოლია.
ფრთა შემახე, ანგელოსო, ასე შორს,
ანგელოსო, სამოთხიდან ასე შორს...

??????