გვეტაძე ვასილ
გაზიარება

ჯერ კი სტრიქონმა აქ გამინათოს 

1
სიმღერა ლაღად გაფრენას ითხოვს
და თვალი ლანდავს სანატრელ ხაზებს.
ფეხაუდგმელი ვარ ბავშვი თითქოს
და ტოლებს ძლიერ ჩამოვრჩი გზაზე.
და წლები სულშიც სითეთრეს მირევს
და რა ახლოა გზა უნათლესი.
მინდოდა ბევრი, არ მრჩება მცირეც
და Qჭრაქის შუქზე ფარფატებს ლექსი.
მისი სინედლე, ვიგემე ადრე,
ადრე ავყევი მე სხვა ზმანებებს.
ვიყავ თხმელა და ვბაძავდი ჭადრებს,
დროდადრო ტოტს რომ შეაქანებენ.
და შევადარე მე ლექსის ხვედრი
ღრუბელს, რომელმაც ზეცა დანისლა...
ბუნებავ, მომეც ძალ-ღონე, გვედრი,
შენი გაფოთვლის და სიმწვანისა.
კვირტები სკდება და ფეთქავს, ფეთქავს,
ჭარმაგი ჭადრის ხატულა ტანი.
ნეტავი ადრე მეც ასე მეთქვა
ჩემი წუხილი და გულისთქმანი.
ეცნოთ სტრიქონში შრიალი ფოთლის,
ტოტი, რომელზეც ფოთოლი შეხმა,
და მომეწმინდა შუბლიდან ოფლი,
როგორც ეს იცის სოფელში გლეხმა.
2
გამონათდება ცა ბინდი-ბუნდად
და თბილ ჟრუანტელს ლექსი გადამდებს...
ახლა აღსრულდეს ეს ნატვრა უნდა
და გულში ჩატყდეს ხმალი ვადამდე.
ახლა ოცნებით ეხება ხელი
თვალით მოლანდულ სანატრელ ხაზებს,
მაგრამ ყოფილა ხმის პოვნა ძნელი
და ტოლებს ძლიერ ჩამოვრჩი გზაზე.
და ლივლივებენ სივრცეში ლურჯად
შორი ველები, შორი ქედები.
ცვივა ვარსკვლავი სულ ბღუჯა-ბღუჯა,
ცრემლით, ნაპერწკლით და იმედებით.
მალე თვალებზე ჩრდილებს მომაშლის
ღამე, სიჩუმის მუნჯი თავდები...
მეც ყოველდღიურ მიმოქროლვაში
იქით მივალ და ვპატარავდები.
და ვფეთქავ, ვფეთქავ მაინც დროებით
და ბინდში ბოლო დღეც იბარდება.
ასე მიფრენენ ცად წეროები,
თუმცა მიწაზეც ბევრი ვარდება.
ერთი ფიქრიღა ამყვა ჩრდილივით
ჩემი ფრთქიალა ფრთების აფრიდან:
...ესმის დარჩენილ წეროს წივილი
წეროს, რომელიც უკვე გაფრინდა?!
. . . . .
ჯერ კი სტრიქონმა აქ გამინათოს
და არაფერი მაქვს სათხოვარი,
მერე იმ ხის ქვეშ დამაბინადრონ,
ჩემი საწყალი მამა რომ არი... 

??????