მაღრაძე დათო
გაზიარება

სალომეა 

...და დაეწვეთა სცენაზე ქალი,
მერე მეორე, მერე მესამე
და როგორც წყალზე, დაირწა რკალი,
შეეხო პარტერს და მიესალმა...

ეს ნაპირი კი უსალამოა...
უამინდოა, მზისგან სათელი,
შეარხევს სხეულს თუ სალომეა,
იქ იოანეს არ ჩანს ნათელი.

აღარც თოლია შორდება ნაპირს,
— ღელვა იქნება, — ამბობს ტურისტი,
— მე ამოვიყვან მზეს წყლიდან, დავპირ-
დები ქვეყანას შენი გულისთვის.

მაგრამ ნაპირზე სდევნიან ლოგოსს
და სალომეას გრაცია ყვავის,
ზღვის ზედაპირზე მზე კვდება, როგორც
ნათლისმცემელის მოჭრილი თავი.

— ო, მზეო ჩემო, — ამ ტრუბადურის
სიტყვის მახვილი — ო, სოლე მიო!
გადაძახილი, როგორც ნადური:
— ო, სოლე მიო!
და სალომეას
თან გული მოაქვს, თან სული მიაქვს
შენს სალომეას, ჩემს სალომეას,
არეულია სამზარეულო,
ხან დოა სოლი, ხან სოლი მია,
სანდოა ჩემი ძველი რვეული:
— სალამი, მზეო, სალამი, ია,
ეს ნაპირი კი უსალამოა
ო, სოლე მიო! ო, სალომეა...

მიმოიქცევა წყალი ქალივით
ხან სილა მოაქვს, ხან სილა მიაქვს,
ვის — მხოლოდ ვნება, ვის სული მია —
ქანავებს წყალზე აფრით დახრილით,
და ეს ნაპირიც უსალამოა,
და სოლე მიო! და სალომეა...

— მომე სალამი! ან სილა მომე,
დაღლილ სახეში, როგორც უარი,
ან სამუდამოდ მომესალამე,
მომე, სამარე, ორეუარით.

ან წამიმღერე, შენი არია,
იქნებ გამეხსნას ძველი იარა,
რამაც ფოთლები არივ-დარია
და ქარტეხილით გადაიარა.

გადავშლი ცრემლით გაჟღენთილ რვეულს,
ჩემამდე ნაწერს დიდი ხნით ადრე.
როცა შეარხევ შენს უკვდავ სხეულს,
მეფის კარზე თუ ქუჩაში ნათრევს

ვიღაცა ცდილობს, მოიკლას თავი
და ან ნესტიან სარდაფში დათვრეს,
ჯვარზე გაეკრას ორივე მკლავით,
კეფა შეუდგას ოლარში პადრეს.
არ მნდომებია სიტყვით თამაში,
შენგან გამოწვდილ სიცოცხლეს ვხარჯავ,
მინდა წაგაგო ყომარხანაში
და გაგაყოლო მდაბიო ვაჭარს.

და მაგონდება მთვრალი ჰეროდე.
შენი გრაციის ნასროლი ლასო,
მინდა, რომ თარსად დაგდო ზეროზე,
— დაატრიალე! —
გავძახო გარსონს.

მაგრამ ეკალი სულს თუ არ ავნებს,
წმინდა გიორგის შევუთქვამ საკლავს,
ვაჭარს მოვუჭრი გზებს საქარავნეს
და პაპიჩემის სატევარს დავკრავ.

მინდა დავწერო შენზე სიმართლე,
რაც იყო ისიც, ისიც, რაც მსურდა,
წყალზე დააგდე ჩემი სინათლე
და წვრილ ვარსკვლავთა მეღვრება ხურდა.

შენა ხარ ჩემი ფიქრის ნაღები
და შენზე წერა ჩემი ბედია,
ამიტომ ვყვირი ყელის ძარღვებით:
— თავისუფლება ბინძურ მედიას!

??????