მაღრაძე დათო
გაზიარება

სტამბული 

მგზავრის თვალები მძევლად შერჩნენ
უცხო მხარეებს...
— მელეჰათ ხანუმ,
დააფინე ჭრელი ფარდაგი,
შუაცეცხლივით გააღვივე შარბათი
დოქით.

2. 
მოიცა, ვიდრე დაღამდა,
ბოსფორზე ბოლავს ამინდი,
ტალღებში ლღვება არღავნად
მზე ჩადის,
ცხრება კრამიტი.

თავისუფლებას აპირებს
სატრფო და
ხიბლავს ზვირთები...
ბოსფორის სრუტის ნაპირებს
მიმოაბნია მზითევი.

დღესასწაულობს ტკივილი, 
დგება მაისის აღაპი,
ფერი ფერს უტევს ყივილით,
აღმოსავლური ლაზათით.

წყალზე დავარდა ყარყატი, —
ჩადრი ისროლა ხანუმმა,
თეთრად ლივლივებს ადათი,
ლაგამგაწყვეტილ მარულად.

ჩანს მთვარე, როგორც სადაფი,
სუნთქვა ულურჯეს სუფრების...
ლივლივებს წყალზე ადათი
სიმბოლოდ თავისუფლების.

მოჩანს მტრედების მეჩეთი.
წვიმს,
ალბათ, უფრო იწვიმებს,
ვის ჯვარი მოხრის ბეჭებში,
ვის — ტრფიალების სიმძიმე.

მზე ჯვარცმულია, სახმილი
ელამუნება მინარეთს,
ფერდში დაკრული მახვილი...
და წყალში სისხლის მდინარე...

სილურჯე თითქოს საკუთარ
საესავ სიძეს მიელის,
და აღდგომის კვერცხს სათუთად
ზღვას აწვდის მაგდალინელი.

ხანუმ, გაშალე ფარდაგი,
გაგიხსნი დახშულ დარაბებს,
ბაგეს გაგიტკბობ ბადაგით,
ნაბადში ნაბუდარავებს.

3

— მელეჰათ ხანუმ,
ვინც სილამაზის ტრფიალებას
დაუღუპავს... გადარჩენილა.

4.
როცა აია სოფია
სველდება წვიმის წვეთებით,
ვით უსინათლო ტორფიანს,
ვეხები ხელის ცეცებით.

მგონი მეზმანა, გამთვალეს...
სიცხიანსა და ოფლიანს, 
წუხელი თურმე ნამთვრალევს
არაგვში გამიტოპია.

ვნახე, არ ვნახე, არ ვიცი,
ცხადი თუ ნაამბობია,
ჩატეხილი მაქვს ლავიწი,
ვაშა, აია სოფია!
გადარო, უნდა გადარო
უჟამო ჟამის ორეულს,
დამშვიდებულო ავდარო,
უღვინოდ ღვინომორეულს

მისმინე, წუთისოფელო,
სიმწარე დაჰკრავს გოლეულს,
ცის ქერუბიმს რომ სწორფერობს,
მის აჩრდილს ვუხმობ შორეულს:

სამშობლოს ციდან ვარსკვლავი
მოიტაცეს და გაქუსლეს,
ბევრი დაიკლა საკლავი,
ბრეშით უცქერდნენ ნამუსრევს.

ინატრა მიწა სოველი,
დედა და სარჩო ყოილთა,
სხვაც ბევრი ჰყავდა მთხოვნელი,
გადმორგულს სამშობლოიდან.

დაყეფა თავზე ყორანმა,
შეჰვედრა, — მიხსენ, მძლევარო,
მანდ ქალი რო დავიკარგე,
თათარში თათარს ვყევარო.

კაეშანს ექმნა მეგობრად
ერთ-ერთი იათაგანი,
დროშაზე წამოეფოფრა
თურქული იატაგანი.

??????