მამფორია ოთარ
გაზიარება

როცა ლექსს ვწერ... 

როცა ლექსს ვწერ, დილაა თუ ბინდია,
საქართველო ჩირაღდანად მინთია.
შავი ზღვიდან მოვარდნილი ქარი ვარ,
ქოხის ბუხრის მუხის ნაკვერჩხალი ვარ
და ამ მიწას ვეტრფი, როგორც მინდია.
როცა ლექსს ვწერ, წვიმს თუ თოვლის ფიფქია,
საქართველო კელაპტარად მინთია!
დაცვარული ლოდები ვარ ვარძიის,
გელათიდან აფრენილი არწივი,
წინაპრების საფლავების მკოცნელი,
ვაზის ჯვართან დამხობილი მლოცველი
და ზედაშით ავსებული ბარძიმი.
რუსთაველის შაირი ვარ ართქმული,
მახვილივით მტერზე წამომართული.
დარიალზე მოხვეული ნისლი ვარ,
ივერიის ჭრილობების სისხლი ვარ,
და ცრემლებით გაბზარული ჩანგური.
როცა ლექსს ვწერ, ვკოცნი მუზის იალქნებს,
საქართველო მაღლა ღმერთთან მიმაფრენს.
თეთრი მტრედის აფეთქილი გული ვარ,
მარტო ლექსი, მარტო სიყვარული ვარ.
ჯერ ცა ვარ და მერე ალბათ მიწა ვარ
ხნოვანებით ამ სტრიქონის ხნისა ვარ,
თუმცა წლები რაშებივით გარბიან.
როცა ლექსს ვწერ, მზე არი თუ მთვარეა,
საქართველოს გვედრი, წმინდა მარიამ!

??????