ხალვაში ფრიდონ
გაზიარება

ალბატროსთან შეხვედრა 

მოგფერებია, ალბატროსო, მგოსანი ფრთოსანს,

სპეტაკ სტრიქონებს გაელვებად შვენოდი მიწყივ,

ნუ მიწყენ მეც შენს სამეფოში უეცარ მოსვლას,

შენ არ გეგონოს, რომ პოეტებს გადაავიწყდი.

დაღლილი ფიქრი მეც შენს ფრთებზე ჩამოვასვენე

და ვისმენ შიშით, გადარეულ ზვირთების ხარხარს,

მაგრამ აქ, სადაც ოკეანე მცემს და მასველებს,

შენ ერთი ძველი საიმედო ნაცნობი მყავხარ.

დღე აფრასავით დაისით რომ გაგიქუფრდება,

მზის მადევარი ფრენ ჩამავალ სხივების სევდად,

შენც, ალბატროსო, ძლიერ გიყვარს თავისუფლება,

რისთვისაც ტანჯვა ადამიანს ყოველთვის სდევდა.

შენ, ალბატროსო, ძლიერ გიყვარს თავისუფლება,

გძულს მტაცებლობა, სივრცეები გასხია ფრთებად,

ქარზე გაწოლილს აგიყოლებს დაუსრულებლად

ტანდარხეული ოკეანის გადაფერდება.

შეშურებია კაცს სილაღე შენი ფრენისა,

სურვილებისთვის შენი ფრთები მიუზომია,

თუმცა, ფერფლიდან აზრი მისი აღდგა ფენიქსად,

სიცრუესა და სიმართლეს დღეს მაინც ომი აქვს.

გემშვიდობები, ალბატროსო, მგოსანი ფრთოსანს,

გული ზღვებიდან მონატრებულ მიწისკენ მიწევს,

ქოჩორა ზვირთთა მოფერება და ფრთების მოსმა

გიხდება ისე, შორეულო, ვერ დაგივიწყებ.

 

1974

??????