მაღრაძე დათო
გაზიარება

ექო 

მოდი, თუ მოხვალ, ოღონდ კი მოდი,
მარტით, აპრილით, გინდა მაისით,
რა ხმა ჰქონია უსიტყვო ლოდინს,
წყალზე ტყდება და მთებში გაისმის.
თოვლივით მოდი, ან მოდი წვიმად,
გამანდე გზები ციდან მიწამდე,
მე ხომ ბეთლემში დიდი ხნის წინად
ციდან მოსული კაცის ვიწამე.
შორითვე ვიცნობ ზეციურ მოტივს,
მინდა მომანდო შენი ლანდი და
ჩემი ქალაქის ქუჩებით მოდი,
გინდა ბინდიან ქუჩაბანდიდან.
თოვდი და თოვლის გფარავდა ბლონდი,
გაწვიმდი... წვიმა ბინდავდა მზერას,
მოდი თუ მოხვალ,
უბრალოდ მოდი,
ან ბედად მოდი, ან ბედისწერად.
თუ მოხვალ, მოდი, სათქმელის ძალა
მახსენებს... თუმცა წლები გავიდა,
თვალებით როცა ვეძახდი ქალაქს,
ბავშვობის სახლის სახურავიდან.
მოდი, თუ მოხვალ ოღონდ კი მოდი,
გინდა აპრილით, გინდა მაისით,
რა ხმა ჰქონია უსიტყვო ლოდინს,
ყელში წყდება და მთებში გაისმის.
შენი მოსვლის წამს სახელად ჰქვია
ცისა და მიწის გზისშესაყარი,
ლოდინს წვეთებად გაატანს ნიავს
თოკზე გაფენილ კაბის ხარხარი.
როცა რიჟრაჟი მთის წვერებს წათლის, -
უხილავ თითებს შეახებს ფრთხილად,
მოგიყვანს ჩემთან არილის მადლი,
ალილოს ეტლი და ნედლი დილა.
გიშველის ღმერთი, თუ მოხვალ, მოხვალ...
გიშერის წვეთი მკერდს მისცემს იმედს,
გავუყრი მკლავებს ჩალისფერ ჩოხას,
როგორც დილის მზე ოთახის მინებს.
მოდი, თუ მოხვალ, საფლავთან მოდი,
რომ მიწის ქვემოთ გატყდეს ფიცარი,
მე შენი სანთლის ციმციმზე ვცხონდი
და მომეტევა ვნების სიზმარი.
მუხლზე გავტეხე ლერწმის საკრავი,
კოჭლი სტრიქონი მოდი და ნახე, -
თეთრი ტაძრისკენ თეთრი საკლავი
გაიხრიალებს შენს გვარს და სახელს.

??????