ხალვაში ფრიდონ
გაზიარება

გაზაფხულის ზეცაში... 

გაზაფხულის ზეცაში

გუგუნებდა გუგული,

ყვავილებით დამთვრალი

ველზე ვეგდე უგნური,

და სიცოცხლე იმგვარად

ბუღრაობდა იმ დილით,

რომ მიკვირდა, კაცს როგორ

ერეოდა სიკვდილი.

და მინდოდა სიმღერა,

ხმას კი ვეღარ ვიღებდი,

მიზიდავდა სიღრმისკენ

ჰანგი ფიქრთამიღმელი.

დაბზუოდნენ ნექტრებით

დატვირთული ფუტკრები

და მზეს ვეუბნებოდი:

ნუ მიდიხარ, ნუ ქრები.

ქარო, შემომიქროლე,

მომეხვიე, მომენთე,

მომეგებე, მომერგე,

მომეფერე, მომენდე,

არ დამაქრო, ხომ ხედავ,

მე ისევ იქ ვანთივარ,

სადაც ერთხელ პირველმა

სიყვარულმა მატირა.

 

1972

??????