ხალვაში ფრიდონ
გაზიარება

გლეხი ვარ 

ამ ჩემს გლეხკაცურ ხელისგულებზე

მთელი ხმელეთის რუკა ხატია,

თვით ბუნებაა ჩემი ბუნება,

გაზაფხულები სულში დადიან.

ეს გული მზეზე უფრო ცხელია,

ქვეყანას ათბობს გული _ ბუხარი,

აზრი სახნისით დამიწერია,

მიწას სათქმელი ასე ვუთხარი.

ყველა აპრილის გრილი გოროხი

დამწვარ წვივებზე გადამიფშვნია,

ეზოში ვისაც ჩამოუვლია,

დაულოცველი არ გამიშვია.

ეს სიყვარული თითქოს მამძიმებს, _

მარადიდში ვარ, ჭოროხს დავყურებ

და კახაბრიდან მოსულ უხვ წვიმებს

სვამს მოწყურებით ჩემი სამყურა.

გლეხი ვარ, მჯერა ბედნიერების,

ვიდრე იღვიძებს მიწა დახნული,

მე მაჭახელას თეთრმა ჩქერებმა

შემომაფრქვიეს ეს გაზაფხული.

როცა ვიღლები, უფრო ვისვენებ,

ღადარში ბედის კვერი მიცხვია,

კარგად ვარ, ცუდი მახსოვს ისევე

და გაჭირვებაც არ დამვიწყნია.

ამ აღმართებით ვიყო მოხრილი,

ვიყო შავშეთი, ვიდგე მუნჯივით...

და კალმახებით სავსე ჭოროხი

მხარზე მეკიდოს, როგორც ხურჯინი.

 

1970

??????