გული სიკვდილთან თამაშს მოიგებს
მე არ ვიცნობდი იმ ადამიანს,
ვისაც მომაკვდავ გულის მაგიერ
ადამიანმა
ცოცხალი გული
გადაუნერგა.
იქ, დედამიწის მეორე მხარეს,
გული ფეთქავდა, მე აქ მესმოდა.
გარინდებული,
შეწუხებული,
აღელვებული
ეს ჩემი გული
საბედისწერო ზეიმს და იმედს
მალული იჭვის ტკივილით ფლობდა.
და ფრთხილად, ფრთხილად,
ძალიან ფრთხილად
მიკაკუნებდა მკერდის კედელზე.
სივრცეთა შორის ბურუსებიდან
მე დაძაბული ვიჭერდი ბგერებს,
ერთად ვამცვრევდი, ვითარცა მარცვლებს
და თბილ სიტყვებად ვაგუნდავებდი,
რათა ამეგო ლექსის შენობა
იმ სიხარულის მოსათავსებლად.
გული იბრძოდა...
მილიონები
მას შეჰყურებდნენ.
იგი აშკარად იგებდა თამაშს.
დღეები, როგორც თეთრი ბურთები,
გაჰქონდა წყეულ კარში ზედიზედ.
ვიმარჯვებთ, გულო,
ვიმარჯვებთ, გულო!
ზედმეტ სიხარულს
უფრთხილდი გულო!
ნუ აღელდები,
დამშვიდდი, დაცხრი,
დინჯად უსმინე სიცოცხლის შრიალს:
წვიმათა ჩონგურს, ტალღათა კოცონს,
შტოების სუნთქვას და
ფრთების შხუილს,
თესლს მშობიარეს,
მოღიმარ ყვავილს
და სიტყვას, სიტყვას,
მადლიან სიტყვას:
ვიმარჯვებთ, გულო,
ვიმარჯვებთ, გულო!
გამართლდა უკვე, გამაგრდა უკვე
თამაში, ბრძოლა და ანგარიში...
ნუ ღელავ გულო, ნუ ღელავ გულო,
ჩადექი ქარო, დაცხრი ავდარო,
ჩაეშვი თვალში ცისკრის ვარსკვლავო,
რომ სიხარულის ოქროს ცრემლები
ვასხურო ცისფერ ბალახის ფოთლებს.
გული იმარჯვებს, გული იცოცხლებს,
ის დროშასავით მზეს წაუძღვება,
სალამი მიწავ,
სალამი კაცო!
მაგრამ უეცრად მეტკინა გული
და ნატკენ გულით გზას გავუდექი.
სადაა ცოცხალ გულის პატრონი?...
რა გველოდება გულის პატრონებს?...
იმედი, შიში თუ სიხარული?
1968