დაკეცილი დროშა
ჩემი დღეებიც დაკეცილა,
როგორც დროშები,
უფრო მაწვება ჯავრი ქვეყნის
და სახლ-კარისა,
რომელ ავდარში ნეტავ კიდევ გავითოშები?
ან სად გამათბობს ჩახუტება დროშის ტარისა?
მწუხრით მწუხრამდე,
რიჟრაჟიდან გარიჟრაჟამდე
ნდობას,
მშვიდობას,
ძმობას,
ტრფობას მინდა ვკაჟავდე;
ცაო, ნათელო,
არ გვიმუხთლო, აღარ გაშავდე.
ვინ იცის, დროშა დაკეცილი
რას ელოდება,
წითელი,
როგორც ალიონი
ივნისის თვეში,
აბრეშუმია,
თუ დამუჭავ, სულ ერთი პეშვი,
მაგრამ თუ გაშლი,
ქარებს ცეცხლად წაეკიდება.
1968