დარდი
იმ დარდაკრძალულ დროიდან მომყვა
შიში, რომ არსად ამომცდეს ოხვრა, _
ბედნიერება არ შევაწუხო,
არადა, ყველგან, სადაც დავდივარ,
იმდენი კვნესა-დარდია უხმო,
ასე მგონია თვითონ დარდი ვარ.
თავისუფლება არისო შუქი
ერთმანეთისთვის ვენთებით თუკი, _
დრომ ჩვენს ყურებში ბევრი უსტვინა,
მაგრამ იმავ დრომ ისე გაგვლახა,
უკვე ყველაფერს ეტყობა ახლა,
სათავისუფლოდ თურმე სუსტნი ვართ.
დარდი მჭირს ამის, აგრეთვე იმის
გამო, რომ გული უნგრიეს თბილისს
იმათ, რომელთაც სამშობლო ვანდეთ,
მათი სარდლობით ვიხვეჭეთ მარცხი
და ათასობით შვილის, ვაჟკაცის
ნაცვლად დედები ხვდებიან დარდებს.
მკერდმოჭრილ ქვეყნის სხვაც მწეწავს დარდი,
გინდაც _ ჭოროხი, ჩვენთვის რომ არ დის...
მტანჯა აჭარის ბედმა მტანჯველმა,
მშობელი სიტყვა სულ ცრემლით ვღებე,
ვწუხდი ქართულად და მაინც დღემდე
ზოგს ქართველობა ჩემი არც სჯერა!..
შენ, ჩემო დარდო, პატიოსანო,
თუ სიყვარული სძულთ და ამხობენ,
დიდ სიხარულის მზის ამოსვლამდე
მე დედა-სიტყვის მცველად მამყოფე.
1994