ხალვაში ფრიდონ
გაზიარება

დედის ლანდი 

აქ, დედაჩემი, ხაშრებში და ლერწებში, კიდევ
მხვდება აღმართზე, დაქანცული, ისე ვით ოდეს,
დაკრეფილებით დამძიმებულს მოათრევს გოდორს, _
ურიგებს სარჩოს ბალღებს, თიკნებს, ქათმებს და ჩიტებს.

ქუსლებს დაიგლის და წაიცვეთს მიწის თხრით თითებს,
მთელი ზაფხული მხრებზე უზის, ვიდრე არ მოთოვს,
კალთის ბოლოზე აწებებულ ლობიოს ფოთოლს
თან დაატარებს, მთვარესავით გაცრეცილს, ყვითელს.
ვუყვარვარ ისევ ავადმყოფა და ნაბოლარა,
სოფლურ შელოცვებს ვინ მეტყოდა მასავით ლამაზს,
დამინაყავდა ბალახების ჟვეროთა წამალს.

ერთხელ წამოწვა, მითხრა: შვილო, მე ახლა წავალ...
მილულა თვალი, თვალში ალბათ ჩანდა წარსული,
დედა-ანბანი ყელს ეკიდა ძაფზე ასხმული.

 

1994 

??????