ეჰ, ძვირფასო გზებო!
ეჰ, ძვირფასო გზებო, გზებო ალვიანო,
მინდა თქვენი ლურჯი სივრცე გავიარო.
გზისპირ გრილოებში მომღერალო ღარო,
მომაშხეფე წყარო, თუკი დავიღალო.
შენი ერთი წვეთიც ისე გამამაგრებს,
რომ ძარღვების ჩქეფა ვეღარასდროს ჩაქრეს.
გზებო, გზებო, რად ღირს ზოგჯერ ხეტიალი,
როცა მეგობარი ქვეყნად მეტი არი.
როცა სიყვარული ქვეყნად მეტი არი,
მშვენიერო გზებო, რად ღირს ხეტიალი!
მე რომ ბილიკებით გაველ ფართო გზაზე,
მითხრეს: _ ეს გზა ასე გაგრძელდება ას წელს.
და მეტკინა გული, რომ დაუდეს ზღვარი
გზას, რომელიც ჩემი გასავლელი არი.
1958