საუბარი შვილთან
(ეს ლექსი გოდერძი ჩოხელს ძალიან უყვარდა და ვუძღვნი მის ხსოვნას)
ლექსების გარდა
რას დაგიტოვებ?
გრჩება ფიქრები
სისხლით ნაწერი,
საფრენი წლები ჩამოვიტოვე,
მთებიდან მიხმობს
მზე - გულდამწველი.
იცოდეს ღმერთმა,
ცასაც ავწევდი,
შენსკენ დაქროლილ
ქარს რომ შევბმოდი,
და თითქოს, შვილო,
ლექსს კი არ ვწერდი,
ცეცხლწაკიდებულ
სახლში შევრბოდი...
... ნუ გამიწყრები,
თუ შეგაყვარე
მჭკნარი ვარდები,
სველი ძახველი.
მე ვდარდობ, შენ რო
დაგედარდები,
ჯანდაბას ჩემი
გზა და სახელი...