ხალვაში ფრიდონ
გაზიარება

ილიას ზეიმზე 

შენ, დიდო კაცო, სალამი ჩემი,

შენი მოსმენა უყვარდა მამას,

მის გზაზეც იყო ღამე და ცრემლი,

ვით ზაქროს მამა, ისიც ეწამა.

ამას კი შენებრ ვინ დაგვიწერდა,

სად იყო კაცი ანბანის მცოდნე,

აჭარა ადრე მოსტაცეს დედას,

შავი ჩადრები დაჰხურეს ოდებს.

ქართული მაინც არ დაგვიობლდა,

თუმცა დაგვიწვეს ქართული წიგნი,

აჭარას მკერდზე ჭრილობა ჰქონდა,

მთელ საქართველოს სტკიოდა იგი.

იგი ჭრილობა გტკიოდა შენაც,

გეხვია ჩემი წინაპრის დარდი,

შენი ნაღველი და გულისტკენა

იცოდა მან და მიტომ უყვარდი.

შენი სახელი და შენი სიბრძნე

ანთია, როგორც ეს ჩემი კერა,

მისი უკვდავი ნათელი ვიგრძენ

და მეც გავბედე მეთქვა სიმღერა.

მე, ბედნიერი, შენს კვალზე ვივლი,

მაგრამ დღეს ნეტავ ანახა მამას,

რომ შენს ზეიმზე მოსული შვილი

ქართული ლექსით მოგმართავ ამას.

 

1957

??????