სახელი
მე მტკვრის ნაპირზე ვეძებდი სახელს,
მეძახდა პირჯვრის გადამსახველი,
მტკვარზე ნუ ეძებ, არაგვზე ნახე,
შენს ტომს არაგვზე დარჩა სახელი.
შენს ტომს არაგვზე დარჩა სახელი
შენი წინაპრის მოჭრილ თავებთან.
და შენი გულის სევდაც, ნაღველიც,
ნახე არაგვის შესართავებთან.
შენს ტომს სახელი არაგვზე დარჩა,
უჭირისუფლოს, თვალებგახელილს.
იმ ჩალისფერი დროშების ფარჩა
ნიშია შენი ძველი სახელის.
ნაქარიშხლევი და ნაავდრები
დრო მტლად ედება ძმათა იარებს,
გულდაჩეხილი მუზარადები
აცვიათ დევებს, ცხრათავიანებს.
ყველა ციხეში კვნესის ნესტანი,
აჰყევი კედლებს გველის დაგესლილს,
დიდი სახელის პიედესტალი _
დგას ეშაფოტი ულამაზესი.
იმღერე, გულო, სიმღერა ხვალის,
არაგვის პირი დამაქარგვინე.
თეთრი დალივით შიშველი ხმალი
ახალ სახელებს დაგვაკარგვინებს.
უმღერე, გულო, იმ ძველ ნაპრალებს,
მშობელი მიწის გული გრილია,
ერთი სიცოცხლე რას დაგვაბრალებს _
ასი სიკვდილი გამოგვივლია.