ხალვაში ფრიდონ
გაზიარება

მომენატრა 

შემოდგომის ჟვერებივით
ქარი აქეთ-იქით გვფანტავს,
აგერ საქართველოა და _
საქართველო მომენატრა.

ომი უკუღმართი მიდის,
გზები მოიზომა დარდმა,
მივალ და ვერ მივალ თბილისს _
და თბილისი მომენატრა.

რაც ახლოა, დაშორავდა,
რაცა იმედს ჰგავდა, გაქრა,
ყველგან მეგობარი მყავდა, _
მეგობარი მომენატრა.

სამართალმაც ვერ იმართლა,
ბედი იმდენ რამეს გვართმევს,
ეს ხომ საქართველოა და
ფარნით დღისით ვეძებ ქართველს.

აღარ გვამყოფინა ნუთუ
კვლა, პარვა და თავაშვება?
მთელი ისტორია ცუდით
დღეს ერთ დღეში თამაშდება.

შემოდგომის ფოთლებივით
ქარი აქეთ-იქით გვფანტავს,
აგერ საქართველოა და _ 
საქართველო მომენატრა.

 

1993 

??????