მშობლიური სახელები
რამდენ რამეს მეუბნება
მშობლიური სახელი,
ზოგი _ ლხენით მეუფლება,
ზოგი _ მძიმე ნაღველით,
ზოგი _ ტკივილს ეწამლება,
ზოგიც _ აჩენს ტკივილებს,
ჯადო-ქარი ეძალება
ოცნებათა გვირილებს,
აქანავებს, აქანავებს
მსუქან ფოთლებს რძიანებს,
ტოტი სარკმელს შემოაღებს,
შემაშინებს მძინარეს.
შემომიტანს მთების ხმაურს,
წყაროს სიცილს მხიარულს,
წისქვილების ხმას საამურს
კორდზე წვიმის სიარულს.
რამდენ რამეს მეუბნება
მშობლიური სახელი,
ზოგი _ ლხენით მეუფლება,
ზოგი _ ჩუმი ნაღველით.
ბილიკებით, შარაგზებით,
ზღვით, ჰაერით, ხმელეთით,
მიწავ ჩემო, ლამაზდები,
სიტყვავ ჩემო, მშვენდები.
თითქოს ყველა ჩრდილის რხევა
გზაზე, ხეზე, ნანგრევზე,
მალული რომ ახლავს ღელვა,
ჩვენ _ პატრონებს დაგვეძებს.
მშობლიურო ადგილებო,
სახელებო მთა-ბართა,
ახლა ვიტყვი: ეს სიცოცხლე
თქვენს სიცოცხლეს ჩაბარდა.
1966