ხალვაში ფრიდონ
გაზიარება

ნაწყენი ჯვრის მონასტერი 

წინაპრის თქმული ამ ქვის კარებთან,
ქვიდან ქვაში რომ მიჟრუანტელობს,
დაობლებული გვემუდარება, _
რად მიმატოვე, სად ხარ, ქართველო?!
მე, _ თავისუფალ ღარიბს ნეტავი
რას მთხოვს გუმბათი, ქვეშ რომ დავდგები?
რა სიბრალულით შემომხედავენ
შორი, ნაცნობი დიდი ლანდები.

ქართული თითქოს არის, _ არც არის,
ამ საკურთხეველს პატრონობს ყველა,
რუსი ანდრეი ქართულ ტაძარში,
რუსთველის მცველად ვინ დააყენა?!

თან სიამაყე, თან ფიქრი მწარე _
საკუთარ სახლში სტუმრად ვისხედით...
ჯვრის მონასტრიდან ნაწყენი წაველ,
რადგან მრჩებოდა ისიც სხვის ხელში.

ნუთუ სულ ასე გვართვან, გვაშინონ?!
სანამ ემატოს ტკივილი ტკივილს?!
ორი მზის შვილო, აჯიაშვილო,
მოდი, აქედან ვკითხოთ ჩვენს თბილისს.
                       
იერუსალიმი

 

1997 

??????