ორი და ჭოროხგაღმელი
აი, იმ სახლში იყო ორი და, _
საზღვარს იქითურ ჩანდნენ შორიდან.
უფროსი მაინც იყო ისეთი,
იტყოდი: ნეტავ რა დედამ შობა,
დაეპატრონა მიტომ ის ერთი
ჩემს გატაცებას და ჩემს ვაჟობას.
ჩაატარებდა კალათს სოფელში
შუაგაყოფილ ჩვენი ყანიდან
და მინარეთის ქვეშ ორღობეში,
ჩაიმღერებდა მალვით ნანინას.
ყოველ მოხედვით მთხოვდა "ამოდი",
მაგრამ საზღვარი იდგა პალოთი.
მე კი, არ ვიცი, რისი იმედით
ვამბობდი: ალბათ, ვერვის შერთავენ,
წინ მედგა, როცა დავიძინებდი
და მხოლოდ ფიქრით ვგრძნობდით ერთმანეთს.
ერთხელ, იმ სახლთან დაუკრეს ზურნა,
ღამემ მაყარი ქალს გააყოლა,
წყეული იყოს, ვინც მოისურვა
და ეს იმედი დატოვა ობლად!
ბალახებს სიმწრით ხელებს ვუჭერდი,
ღამე კი მეცვა, როგორც ხალათი,
გამოპარული ვიჯექ ბუჩქებთან
და სოფლისაგან ცრემლებს ვმალავდი.
ტკივილმა დიდხანს არ გამიარა,
სულში ეყარა მზე დამსხვრეული
და მე მეგონა, მიწა კი არა,
შუა გაკვეთეს ჩემი სხეული.
1973