რწმენა
არაფერი რომ არ მქონდა, მაშინ მქონდა
რწმენა ნალოლიავები, _ ჩემი რწმენა,
ის ჩემ გვერდით გაჭირვებით მოდიოდა
გზაზე, რასაც ეწოდება ბედისწერა.
მოდიოდა, თითქოს მხარზე ლოდი ედო, _
იღლებოდა საყვარელი აღმართებით,
მაგრამ იყო იმნაირად საიმედო
ვუმღეროდი, ვამაღლებდი, ვაღმერთებდი.
ხან თუნგივით წყაროს წყალით ამივსია,
მხარს შედგმული ბილიკ-ბილიკ მიზიდია,
რომ მწყურვალეს მივეშველო თავისიანს
და იმედით გავათენო მისი დილა.
იმ ნატრული ჩემიანის, ზოგჯერ შორის,
მტკენს სიშორე, ბედმა რადგან გაუძნელა
რწმენა ენის, რწმენა ერის, რწმენა დროის,
სულის, გულის, სიყვარულის სრული რწმენა.
ენატრება დედისა და სატრფოს კოცნა,
რომ მოურჩეს განშორების წყენა-ჯავრი,
ლოცვა უნდა, მშობლიური სიტყვით ლოცვა,
რწმენა უნდა, საქართველოს რწმენა მძლავრი.
1988